logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე ნიევას პორტუონდოს შეხვდა
- +

13 დეკემბერი. 2018. 18:18

 

კუბის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გუგული მაღრაძე, კუბის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან არარეზიდენტ ელჩს ალფრედო ნიევას პორტუონდოს შეხვდა.

 

შეხვედრისას, ელჩმა საქართველოს მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა.

 

როგორც ნიევას პორტუონდომ აღნიშნა კუბის რესპუბლიკის პარლამენტში დეპუტატების თითქმის ნახევარს ქალები წარმოადგენენ.

 

„კუბა ამ მხრივ, იმ ქვეყანათა ათეულში შედის სადაც პარლამენტში გენდერული თანასწორობა დაცულია. ქალები საკმაოდ არიან წარმოდგენილები სხვა სახელმწიფო სამსახურებში. ასევე, წელს, პირველად კუბის ისტორიაში ჰავანის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩეული იქნა ქალი“, - განაცხადა ელჩმა.

 

მხარეებმა შეხვედრისას, ურთიერთგამოცდილების გაზიარებაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

ელჩის თქმით, კუბის პარლამენტი ინტენსიურად მუშაობს ახალი კონსტიტუციის მიღებაზე.

 

„კუბა ერთპარტიული მმართველობიდან გადადის საპარლამენტო რესპუბლიკაზე. ასევე, ცვლილებები იქნება ქვეყნის ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ მოწყობაში. ამასთან, პარლამენტი აირჩევს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას. კონსტიტუციის პროექტი 2019 წლის თებერვალში გავა საყოველთაო რეფერენდუმზე და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება პარლამენტის მიერ მისი მიღება“, - განაცხადა სტუმარმა.

 

გუგული მაღრაძემ ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა რომ საქართველოს ამის კარგი გამოცდილება აქვს, რადგანაც ახლახან მოხდა ახალი კონსტიტუციის მიღება, რომლითაც საქართველო სრული საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა. „ამ მხრივ შეიძლება საინტერესო იყოს ინფორმაციის გაცვლა-გაზიარება ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

 

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და კუბას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

 

როგორც კუბის რესპუბლიკის ელჩმა აღნიშნა, მას ჰქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრები ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან. მისი თქმით, 2019 წლის ნოემბერში იგეგმება საერთაშირისო გამოფენა ბიზნესის კუთხით, რომელშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას და ქვეყანას ექნება საშუალება საკუთარი პროდუქცია წარადგინოს. ამ გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ როგორც ლათინური ამერიკის ასევე, პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყნები.

 

როგორც კუბის ელჩმა აღნიშნა, შესაძლოა საქართველოსა და კუბას შორის სამედიცინო სფეროში ურთიერთობის ინტენსიური განვითარება მოხდეს.

 

„ამ კუთხით კუბამ საკმაოდ დიდ მიღწევებს მიაღწია. შეიქმნა ორი ვაქცინა, რომელიც საერთაშირისოდ აღიარებულია და საკმაოდ ეფექტიანია. ესენია: ფილტვის სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინა და დიაბეტური ტერფის სამკურნალო პრეპარატი“, - განაცხადა ელჩმა.

 

მისი აზრით, საქართველოსთვის საინტერესო იქნებოდა ამ ინფორმაციის გაზიარება.

 

როგორც გუგული მაღრაძემ აღნიშნა, ასევე იგეგმება ინტენსიური გაცვლები ტურიზმის სფეროში. შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მეცნიერებისა და განათლების სფეროში გაცვლების შესაძლებლობას.

 

„ამ მხრივ უფრო მეტად გამოყენებული უნდა იყოს საუნივერსიტეტო პოტენციალი და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის გაცვლა შესაძლოა იყოს ერთ-ერთი საინტერესო სფერო ჩვენი ქვეყნების სამომავლო ურთიერთობებში“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner