logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანმა: ჩვენ გვახარებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობას ამყარებს
- +

16 იანვარი. 2019. 18:13

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით, საქართველო მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ამყარებს.

 

„მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ საკითხს განიხილავს. აღნიშნული საკითხის მიმართ დამოკიდებულება კანონიკური პროცესების გათვალისწინებით, პირველ რიგში, სწორედ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო ეკლესიის საქმიანობაში არ ერევა. ჩვენ გვახარებს და მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ამყარებს. ამას არა მარტო დეკლარაციულად მივესალმებით, არამედ საქმითაც ვადასტურებთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

მინისტრის განმარტებით, უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს არაერთხელ გამოუხატავს მხარდაჭერა კონკრეტული ქმედებებით.

 

„მინდა მოგახსენოთ, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა არა მხოლოდ დეკლარაციებში, არამედ გაერო-ს ფორმატებშიც გამოიხატება, სადაც საქართველოს მიერ უკრაინასთან ერთად ინიცირებულია მრავალი რეზოლუცია. უფრო მეტიც, საქართველო არა მხოლოდ ინიციატორი, არამედ თანასპონსორიცაა ამ რეზოლუციების“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ პოზიციები უკრაინის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების თაობაზე უკვე დააფიქსირეს სახელისუფლებო და საკანონმდებლო შტოს წარმომადგენლებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, რაც თავის მხრივ ნიშნავს მთლიანად მთავრობის პოზიციას.

 

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ მივესალმებით და გვახარებს უკრაინის მიერ ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი. უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩარჩო შეთანხმებები გვაერთიანებს. შესაბამისად, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ არ გვახარებდეს ეს ფაქტი. ჩვენს პოზიციას ძალიან მკაფიოდ ვაფიქსირებ. როდესაც მინისტრი ახმაურებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, ეს ოფიციალური პოზიციაა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

კიევისთვის ოფიციალური მილოცვის საკითხთან დაკავშირებით კი დავით ზალკალიანმა განმარტა, რომ საკითხი ეკლესიის ფარგლებში უნდა გადაწყდეს და დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ ეკლესიის საქმეებში ჩარევა.

 

„ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით. მთავარი საკითხი ეკლესიის ფარგლებში უნდა გადაწყდეს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა. მინისტრის ინფორმაციით, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე მას არაერთხელ ჰქონდა საუბარი უკრაინელ კოლეგასთან სახვადასხვა საერთაშორისო და ორმხრივ ფორმატებში შეხვედრის დროს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×