logo_geo
eng_logo
ლევან კობერიძე: იმედი მაქვს, იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებმაც ხმა მისცეს 10-კაციან სიას, გადადგებიან
- +

24 იანვარი. 2019. 12:23

 

 

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, მივალთ საერთო დასკვნამდე, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებმაც ხმა მისცეს 10-კაციან სიას, თავის ნებით გადადგებიან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე აცხადებს.

 

როგორც კობერიძემ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში განუცხადა, იგი იმედოვნებს, რომ უმრავლესობა ერთ აზრზე შეჯერებას და ჩამოყალიბებას შეძლებს.

 

„მე მაქვს მოლოდინი, რომ დღეს ალბათ ვიმსჯელებთ საკმაოდ ბევრს, საკმაოდ შინაარსიანად და დიდი იმედი მაქვს, რომ მივალთ საერთო დასკვნამდე, რომ იუსტიციის საბჭოს ის წევრები, ვინც ხმა მისცა 10-კაციან სიას, თავის ნებით გადადგებიან და დატოვებენ თანამდებობას.

 

მგონი, პარტიის თავმჯდომარეს რისი თქმაც უნდოდა, თავის განცხადებაში მკაფიოდ თქვა და მე დღეს რას ველოდები, ეს უკვე გითხარით. იქნება შინაარსობრივი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ადამიანები, რომლებიც 97 პროცენტს კეთილსინდისიერებაში უწერენ ლევან მურუსიძეს იმ გადაცემის მერე, რომელიც ეთერში გავიდა, ალბათ, ბოდიშს მოუხდიან საზოგადოებას და შეიძლება 100 ქულაც კი დაუწერონ კეთილსინდისიერებაში, ამას რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ. ვფიქრობ, შევძლებთ, შევჯერდეთ და ჩვენი მოსაზრება ჩამოვაყალიბოთ უმრავლესობამ, რომ ეს ადამიანები იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ და უნდა გადადგნენ, რადგან ისინი ხელს უშლიან სამართლიანი სასამართლოს ფორმირებას ქვეყანაში“, - განაცხადა კობერიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. გასულ კვირას 10-ვე მათგანმა პარლამენტს მიმართა, რომ მათი კანდიდატურები აღარ განიხილონ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner