logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: რატომ გახდა ჩემი მმართველობის პირობებში ის საქმე გასაკეთებელი, რაც შეიძლებოდა მაშინვე გაკეთებულიყო
- +

20 მარტი. 2019. 17:21

 

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავის ანგარიშში 2006 წელს რუსეთიდან საქართველოში დეპორტირებულთა თემასაც შეეხო.

 

მინისტრის განცხადებით, რუსეთი არცერთ სახელმწიფოთაშორის დავაზე აქამდე არ დამარცხებულა და ჩვენს სასარგებლოდ მას 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

 

„31 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველომ რუსეთს მოუგო დავა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის ნაწილშიც. არსებულ ნაწილში ეს დავა 2014 წელს დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. კომპენსაციის ნაწილშიც დადგა ჩვენს სასარგებლოდ გამარჯვება. რუსეთისთვის ეს არის უპრეცედენტო მარცხი, რომ, თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო საზღვაო ნორმებიდან გამომდინარე რამდენიმე საერთაშორისო დავას, რუსეთი არცერთ სახელმწიფოთაშორის დავაზე აქამდე არ დამარცხებულა და ჩვენს სასარგებლოდ მას დაეკისრა 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდა იმ დაზარალებულებისთვის გადასაცემად, რომლებიც დეპორტირებულნი იქნენ მასიურად 2006 წელს რუსეთიდან საქართველოში.

 

ამ საქმეზე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ სწორედ 2012 წლის ოქტომბრიდან და ცრუ გახლავთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დავა მანამდე იყო მოგებული. მე პასუხები არ მაქვს და, შესაბამისად, არ ვიცი, დღეს რამდენად მოვისმენ ამ პასუხებს, თუმცა უნდა გითხრათ კითხვა რაც მაქვს - როდესაც წინა ხელისუფლებამ ეს დავა 4634 მოქალაქის სახელით წარადგინა, რატომ დაურთო 4634 სახელით წარდგენილ დავას მხოლოდ 118 პირის სია, რაც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ უკვე ჩვენი ხელისუფლების პერიოდში უსაყვედურა იუსტიციის სამინისტროს და ჩვენ დაგვევალა უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რომ ეს 118 პირიანი სია შეგვევსო, თუკი ვიყავით მართლები, რომ ვამბობდით, რომ ჩვენი დაზარალებულების რიცხვი იყო 4634.

 

ჩვენ პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ ამ სიის შედგენა ათი წლის თავზე, რაც მე ვიტყოდი, არის სირცხვილი და მოვახერხეთ, რომ ტელეფონით, მეილით და სხვა არხებით 1795 მოქალაქე მოგვეძებნა ათი წლის შემდეგ და სწორედ მათი მონაცემები გაგვეგზავნა. იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ისინი კვლავ დაბრუნდნენ რუსეთში და აღარ სურთ დავა, თუმცა მათი რიცხვი არ იყო დიდი. ასეა თუ ისეა, წარსული ჩავაბაროთ წარსულს, თუმცა კითხვის ნიშანი მაქვს და მაინტერესებს პასუხი დღეს ან სხვა დროს, რატომ მოხდა ასე და რატომ გახდა ჩემი მმართველობის პირობებში ის საქმე გასაკეთებელი, რაც შეიძლებოდა მაშინვე გაკეთებულიყო. ჩვენ მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში დავიწყეთ უკვე ზრუნვა ამ საქმის აღსრულებაზე, თუმცა რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი სამთვიანი ვადა, რომ ეს თანხა ჩარიცხოს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

დღეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×