logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავთ
- +

20 მარტი. 2019. 18:20

 

„ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავთ, რაც ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად, გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის მედიცინის სფეროში“, - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ ბელარუსის საქმიან საბჭოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ რუსისთან ერთად ესწრებოდა, რომელიც ბელარუსის დელეგაციასთან ერთად საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

 

გიორგი ქობულიას თქმით, ბელარუსი საკმაოდ განვითარებულია ქირურგიასა და ქირურგიული მოწყობილობების სექტორში, შესაბამისად, საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი ქირურგიული ცენტრის შექმნას.

 

„ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითები - მათ შორის არის ტრაქტორების წარმოება, რომლებიც  ჩვენთან, ბელარუსისა და საქართველოს ერთობლივ საწარმოში  ეწყობა, ასევე ბელარუსული წარმოების ხარისხიანი ლიფტები, რომლებიც, პრაქტიკულად, ლოკალიზებულია საქართველოში ანუ მასალებიც კი ჩვენს ქვეყანაში იწარმოება. გარდა ამისა, საუბარია კომბაინური ტექნიკის წარმოებაზე და სხვა მრავალ მიმართულებაზე, რომლებიც, ვფიქრობთ, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განვითარების  კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაიყვანს“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

გიორგი ქობულიას შეფასებით, ბელარუსი არის საქართველოსთან კულტურულად და გეოგრაფიულად ახლო ქვეყანა, რაც, მინისტრის თქმით, საქართველოს  მოსახლეობას კიდევ უფრო უადვილებს ბელარუს კოლეგებთან და ბიზნესმენებთან ურთიერთობას.

 

„საკმაოდ დიდი ინვესტიციები იქნება განხორციელებული ასევე ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში - ეს არის სარკინიგზო ტრანსპორტი, ასევე საბორნე მიმოსვლა უკრაინის პორტებთან, რომელიც რეგულარული გვინდა გავხადოთ“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×