logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ჩვენ უკვე ვიცით, რომ პროფსასწავლებლის ყველა კურსდამთავრებული მეორე დღესვე უზრუნველყოფილი იქნება სამსახურით
- +

21 მარტი. 2019. 00:42

 

„ჩვენ უკვე ვიცით, რა მოთხოვნა გვაქვს თითოეულ პროფესიაზე ეროვნულ ეკონომიკაში, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პროფსასწავლებლის კურსდამთავრებული ყველა ახალგაზრდა მეორე დღესვე უზრუნველყოფილი იქნება სამსახურით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ფეისბუქ ლაივში” განაცხადა. 

 

პრემიერის შეფასებით, პროფესიული სასწავლებლები განათლების რეფორმის უმნიშვნელოვანესი  კომპონენტია და თანამედროვე პროფესიული სასწავლებელი ყველა რეგიონში გაიხსნება.

„რატომ არის გარანტია, რომ პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული მყისიერად დასაქმდება?! ამის გარანტია არის ხარისხი და ის, რომ პროფსასწავლებები დაარსდება კერძო სექტორის ჩართულობით. გარდა ამისა, ჩვენ უკვე ვიცით, რა მოთხოვნა გვაქვს თითოეულ პროფესიაზე ეროვნულ ეკონომიკაში და რა მოთხოვნა გვექნება უახლოეს მომავალში. შესაბამისად, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც დაამთავრებს მსგავს პროფესიულ სასწავლებელს, მეორე დღესვე უზრუნველყოფილი იქნება სამსახურით”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურმა პროფესიული სასწავლებლების მიერ გაცემული, დიპლომების ხარისხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ კუთხით არსებული  გარანტიებიც მყარი და  მკაფიო  იქნება.

 

„ჩვენი ამოცანაა, საქართველოს პროფესიული სასწავლებლების მიერ გაცემული  დიპლომი თუ სერთიფიკატი აღიარებული იყოს ევროზონაში და თუ ჩვენი მოქალაქე საჭიროდ ჩათვლის, იმუშაოს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, ის ამას უპრობლემოდ შეძლებს, ვინაიდან ექნება ევროზონაში აღიარებული დიპლომი. ეს მიიღწევა მხოლოდ ხარისხის ზრდით და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ფოკუსირებული ვიქნებით იმ პროფესიებზე, რომელთა დეფიციტი არსებობს ეროვნულ ეკონომიკაში. ჩვენ გვაქვს, რამდენიმე წარმატებული პროფესიული სასწავლებელი და მათი კურსდამთავრებული ყველა ახალგაზრდა ფაქტობრივად მყისიერად უზრუნველყოფილია სამსახურით”, - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოში, სამწუხაროდ, პროფესიული სასწავლებლების შესახებ არასწორი სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა დაინგრეს.

 

„ხშირად ვამბობთ, როგორ არის დასავლეთ ევროპული ქვეყნების ეკონომიკა ასეთი წარმატებული და მდგრადი გარე შოკების მიმართ. ეს ფორმულა გულისხმობს, პროფესიული განათლების ძალიან მნიშვნელოვან ზრდას მათ ეკონომიკაში. ჩვენ, რეფორმაზე მუშაობისას დავეყრდენით გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის პრაქტიკას. სწორედ ეს სამი სახელმწიფო ითვლება ამ კუთხით სამაგალითო ქვეყნებად და მათი ეკონომიკის წარმატებაც დიდწილად დაკავშირებულია, სწორედ ძლიერ პროფესიულ სასწავლებლებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ პროფესიულ სასწავლებლებზე და ყველა რეგიონში იქნება მაღალი ხარისხის პროფესიული სასწავლებლები”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×