logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი ქართველ სამხედროებს: მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენს მიერ გაწეული სამსახურისთვის
- +

25 მარტი. 2019. 15:21

 

 

„ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი საერთაშორისო ტერორისტებისთვის, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ქართველი სამხედროების გარეშე“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც „NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში“ იმყოფებოდა და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.

 

იენს სტოლტენბერგმა ალიანსის ყველა წევრისა და პარტნიორი ქვეყნების სახელით ქართველ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„პირველ ყოვლისა, მადლობელი ვარ, რომ მაქვს დღეს აქ ყოფნისა და ყველა თქვენგანთან შეხვედრის შესაძლებლობა. ვიცი, რომ მსახურობთ თქვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ალიანსისთვის. ის სამუშაო, რომელსაც ასრულებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის, რადგან გვეხმარებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ავღანეთში ვართ იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ქვეყანა აღარასდროს გახდება ტერორისტების თავშესაფარი. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ. როდესაც დავიწყეთ ჩვენი მისია ავღანეთში 2001-2002 წლებში, ავღანეთს აკონტროლებდა „თალიბანი“, ავღანეთი იყო უსაფრთხო ადგილი ტერორისტებისთვის, ჩვენ ვხედავდით სასტიკ რეჟიმს, რომელიც ავიწროებდა ავღანეთის მოსახლეობას.

 

ავღანეთში ჯერ კიდევ რჩება ბევრი პრობლემა, თუმცა ვიცით, რომ დღეს ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი „ალ-ქაიდასთვის“, საერთაშორისო ტერორისტებისთვის. ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა თქვენ გარეშე და ამიტომ ალიანსის ყველა წევრის, პარტნიორი ქვეყნებისა და ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც დღეს თავის ქვეყანაში უფრო მშვიდობიანად ცხოვრობს, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მიერ გაწეული სამსახურისთვის და იმ ყველაფრისთვის, რაც ალიანსისთვის გააკეთეთ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „NATO-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×