logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტმა ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღეში მიღწეული შედეგები წარადგინა
- +

25 მარტი. 2019. 18:42

 

 

საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მსჯელობა მიმდინარე საპარლამენტო რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენლის - პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციის შესახებ. დღეს გამართულ ღონისძიებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა რეგლამენტის ახალი რედაქციის მიღებიდან პირველ 100 დღეში მიღწეული შედეგები შეაჯამეს.

 

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა მიმართა.

 

„100 დღეა რაც ძალაში შევიდა საქართველოს ახალი კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. ორივე დოკუმენტი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოში პარლამენტარიზმი სწორი განვითარებისთვის, პარლამენტის რეფორმისთვის და ისეთი საკანონმდებლო ხელისუფლების მიღებისთვის, როგორსაც იმსახურებს საპარლამენტო დემოკრატია. ჩვენ ამ რეფორმებში ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ და დღეს გვაქვს შესაძლებლობა გავაანალიზოთ შედეგები - ძალიან შთამბეჭდავი შედეგები, რომელიც სახეზეა ამ 100 დღის განმავლობაში, ასევე ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტის ამოქმედებიდან გასული 100 დღე შეაჯამა და დამსწრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ძლიერი პარლამენტი ნიშნავს ძლიერ დემოკრატიას.

 

„ძლიერი პარლამენტის გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში ძლიერი დემოკრატიის არსებობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული პარლამენტის პოლიტიკური და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ, ინსტიტუციური განვითარებისკენ და ამ პროცესში, თითოეული ჩვენი პარტნიორის, საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური სუბიექტების როლი ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თვისებრივად გაძლიერება იყო ის ამბიციური ამოცანა, რომელიც მმართველმა გუნდმა 2016 წლიდან დაისახა.

 

მისი თქმით, არსებობდა სირთულეები პარლამენტის ორი ძირითადი ფუნქციის - საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, კონსტიტუციისა და რეგლამენტის ამოქმედებიდან ჯერ მხოლოდ 100 დღეა გასული, თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში, უკვე არის ხელშესახები შედეგები.

 

„2016 წელს საკმაოდ რთული მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ და ჩვენი ამბიციური მიზანი გახლდათ, მომდევნო მოწვევის პარლამენტისთვის ბევრად უფრო ძლიერი პარლამენტის გადაბარება. ვფიქრობთ, რომ მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მივიწევთ წინ ამ მიზნის განხორციელებისკენ. ჯერ მხოლოდ 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუცია და ახალი რეგლამენტი ამოქმედდა, თუმცა, ამ 100 დღის განმავლობაში გვაქვს უკვე ძალიან ხელშესახები შედეგები და ეს შედეგები არის თვალსაჩინო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის და ვფიქრობთ, ასევე, ჩვენი პარტნიორებისთვის. მე თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი აქტიური პარლამენტი, ალბათ, 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა, გვქონდა ძალიან აქტიური საპარლამენტო ცხოვრება გასული 10 დღის განმავლობაში და ეს არის, რა თქმა უნდა, იმ საკანონმდებლო ცვლილების და პირველ რიგში, რეგლამენტის ცვლილების შედეგი, რომელიც განხორციელდა გასულ წელს საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ახალ ინსტრუმენტებზე ისაუბრა, რასაც ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს. მისი თქმით, სტატისტიკა ადასტურებს, თუ რამდენად არის გააქტიურებული ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრება. ირაკლი კობახიძის შეფასებით, პარლამენტსა და მინისტრებს შორის გამართული საინტერესო დისკუსიები იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საკუთარ საზედამხედველო ფუნქციებს აუმჯობესებს.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ახალი რეგლამენტი პარლამენტს აიძულებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს და მეტი დრო დაუთმოს კანონპროექტების განხილვას, რაც, სათანადოდ აისახება თავად კანონშემოქმედების ხარისხზე“.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, რეგლამენტის საფუძველზე დაინერგა ახალი ტრადიცია - პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიში და ყოველწლიური გეგმის წარდგენა, ასევე, ახალი ფორმატით შედგა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება.

 

პარლამენტის თავმჯდომარ რეგლამენტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლედ პარლამენტის თბილისში გადმოტანა დაასახელა და განაცხადა, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში ფუნქციონირება მნიშვნელოვანია პარლამენტის ინსტიტუციური სიძლიერისთვის.

 

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი კახიანს, დეპუტატებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და თავმჯდომარის პირველი მოადგილის კაბინეტის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

 

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ამ პროცესში, რეგლამენტის შემუშავების პროცესში. უპირველეს ყოვლისა, მადლობა ეკუთვნის თამარ ჩუგოშვილს, რომელიც უძღვებოდა სამუშაო პროცესს და სწორედ მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ძალიან დახვეწილი, ძალიან ქმედითი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო ცხოვრების შემდგომ განვითარებას საქართველოში. ასევე, თამარ ჩუგოშვილის ბიუროს თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობდნენ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში. პარლამენტის წევრებს, რომლებიც იყვნენ ჩართული პარლამენტის რეგლამენტის შემუშავებაში. მადლობას ვუხდი საპროცედურო კომიტეტის ხელმძღვანელობას, პირადად გიორგი კახიანს. რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ საერთაშორისო პარტნიორებს - რომ არა მათი მხარდაჭერა და ძალისხმევა, ჩვენ ამ შედეგის მიღწევა გაგვიჭირდებოდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

პარლამენტის რეგლამენტის ახალ მექანიზმებზე, პირველ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე დეტალური პრეზენტაცია წარადგინა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა. მან ისაუბრა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებაზე, სხდომებში დეპუტატების მონაწილეობის გაუჯობესებაზე, საკანონმდებლო პროცესის დახვეწაზე,  პარლამეტის ანგარიშვალდებულების ზრდასა და საქმიანობის უკეთ ორგანიზებაზე.

 

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპარლამენტო ზედამხედველობა იყო ყველაზე სუსტი ნაწილი პარლამენტისთვის.

 

„ფაქტობრივად, წლების განმავლობაში, საქართველოს პარლამენტს არ განუხორციელებია საზედამხედველო ფუნქცია და მანდატი. შესაბამისად, ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ არის პირველი ნაბიჯები. ბოლო 100 დღეში პარლამენტმა 10-ჯერ მოუსმინა მინისტრებს, რაც შეუდარებელია პარლამენტის საქმიანობის ნებისმიერი  წინა პერიოდთან. აქედან, 3-ჯერ გამოყენებული იქნა ახალი მექანიზმი - მინისტრის საათი, რომელიც არის მთავრობის პროგრამის შესრულების მონიტორინგის ერთ-ერთი მექანიზმი. რაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია და ახალი რეგლამენტი შევიდა ძალაში, ჩვენ არ გვქონია არც ერთი სესია,  რომელზეც არ იყო წარმოდგენილი საზედამხედველო კომპონენტი“, -აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

მისივე თქმით, ოპოზიციური ფრაქციების ყველა მოთხოვნა მინისტრები პარლამენტში დაბარების თაობაზე შესრულდა.

 

„ყველა მინისტრი, რომელიც ოპოზიციამ დაიბარე გამოცხადდა საქართველოს პარლამენტში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ნულოვანი სტატისტიკიდან, როდესაც არც ერთი მინისტრი, რომელსაც ოპოზიცია იბარებდა არ მოდიოდა პარლამენტში, გადავედით 100%-იან სტატისტიკაზე“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღის განმავლობაში მინისტრების მოსმენას ჯამში, დაეთმო 57 საათი და 30 წუთი და პარლამენტარებმა მათ დაუსვეს 336 შეკითხვა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ასევე უმნიშვნელოვანესი მექანიზმია პარლამენტის წევრის შეკითხვა, რომელიც პარლამენტის თითოეულ წევრს აქვს და ისინი უფლებამოსილი არიან დასვან წერილობითი შეკითხვა და მიიღონ წერილობითი პასუხი.

 

„შედარებისთვის, წინა ხელისუფლების დროს, ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტის სრული შემადგენლობის მიერ დაისვა მხოლოდ სამი შეკითხვა. გასულ წელს, ამ მოწვევის პარლამენტს დასმული ჰქონდა 800-ზე მეტი კითხვა, ხოლო ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლიდან  სულ რაღაც 100 დღეში 225 კითხვაა გაგზავნილი. ასევე, მაღალია კითხვებზე პასუხების სტატისტიკაც“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, კონსტიტუციით გათვალისწინებული მექანიზმია ასევე ინტერპელაცია, რომელიც პარლმენტში  რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მექანიზმი - მთავრობის საათი კანონმდებლობაში არსებობდა, ის თითქმის არასდროს გამართულა. ძალიან  იშვიათად მომხდარა, რომ მთვარობის უმაღლესი თანამდებობის პირები, პრემიერმინისტრი თავად პასუხობდნენ პარლამენტის წევრების კითხვებს. პირველი ინტერპელაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა - სამი კითხვა  გაიგზავნა ინტერპელაციისთვის, ერთი კითხვა დაესვა პრემიერმინისტრს, ორი კი განათლების მინისტრს. პირველი ინტერპელაცია ძალიან საინტერესოდ ჩატარდა, ეს იყო ახალი მოვლენა და პარლამენტისთვის  ამ უძლიერესი მექანიზმის  სწორად დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 

თემატურ მოკვლევაზე საუბრისას,  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში დაწყებულია უკვე 6 თემატური მოკვლევა შემდეგ თემებზე: 1. სახელმწიფოს ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა; 2. მოქალაქეთა ჩართულობა სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში; 3. მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობა; 4. პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა; 5.ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა თბილისში; 6. დეზინფორმაცია და პროპაგანდა.

 

„თემატურ მოკვლევა აძლევს საშუალებას პარლამენტის წევრებს, რომ შექმნან მცირე ჯგუფი და სიღრმისეულად ჩაიხედონ პრობლემებში, გაერკვნენ თუ რა ხდება კონკრეტული მიმართულებით, რას ფიქრობს საზოგადოება, რას ფიქრობენ ექსპერტები და იპოვონ საუკეთესო  გამოსავალი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია კანონმდებლობის აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმი, რაც საშუალება აძლევს პარლამენტს ნახოს მის მიერ მიღებული კანონები როგორ ცვლის ადამიანების ცხოვრებას. ამ ეტაპზე უკვე 21 მიმართულებით ამუშავდა კანონმდებლობის აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმი  და შექმნილია ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ თამბაქოს კონტროლზე, შრომის უსაფრთხოებაზე, შრომით მიგრაციაზე, ინკლუზიური განათლებაზე და სხვა საკითხებზე.

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებით გამოყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შექმნილია აუდიტის ჯგუფი, რომელიც   ბიუჯეტის ხარჯვაზე ზედამხედველობას ახორციელებს.

 

„აუდიტის ჯგუფის პირველი სხდომა უკვე გაიმართა და მისი ფუნქციაა გააკეთოს სრული ანალიზი როგორ ხარჯავს სახელმწიფო ხალხის ფულს, მოახდინოს  რეაგირება თითოეულ დარღვევაზე, პრობლემაზე და ამ რესურსების თითოეულ არასათანადო გამოყენებაზე“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

მისივე თქმით, სხდომებში დეპუტატების მონაწილეობის გაუჯობესების მიმართულებით  წესები გამკაცრდა, კერძოდ: დავიწროვდა სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზთა ჩამონათვალი და გამკაცრდა სანქციები არასაპატიო  გაცდენის შემთხვევაში. აღნიშნული რეგულაციების შემოღების შემდეგ, სხდომებზე დეპუტატების დასწრების მაჩვენებელი  საშუალოდ 35%-ით გაიზარდა.

 

საკანონმდებლო პროცესის დახვეწის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას,  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა,  რომ ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი  კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა იყო.

 

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ,  გართულდა დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვა, რის შედეგადაც, 2019 წლის განმავლობაში, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შვიდ მოთხოვნაზე პარლამენტის ბიურომ 5-ჯერ განაცხადა უარი, მაშინ როდესაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში ბიურომ მხოლოდ 2-ჯერ განაცხადა უარი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვაზე.

 

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, უკეთ დარეგულირდა კანონპროექტის განხილვის ვადები და პლენარული სხდომების დღეებში პარალელურად აღარ ტარდება საკომიტეტო სხდომები.

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, პარლამეტის ანგარიშვალდებულების ზრდა და საქმიანობის უკეთ ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ  პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის მიმართ, ჩამოყალიბდეს საზოგადოების ნდობა.

 

„ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის მიმართ გაჩნდეს ნდობა და ჩვენ ჩვენი წარმატება  სამომავლო ასე უნდა გავზომოთ - რამდენად გვენდობიან ჩვენი მოქალაქეები და რამდენად იზრდება ნდობა ინსტიტუციის მიმართა.

 

პირველ რიგში, ეს ხდება იმით, რომ თვითონ პარლამენტი, როგორც ინსტიტუცია იყოს მაქსიმალურად ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი საზოგადოების წინაშე. სწორედ ამიტომ, პარლამეტის თავმჯდომარის პირადი ინიციატივით, პირველად გაჩნდა პირადად მისი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, როდესაც ის საპარლამენტო წელს იწყებს იმით, რომ მოახსენებს საკანონმდებლო ორგანოს  და საზოგადოებას, თუ რა გაკეთდა გასული წლის განმავლობაში, როგორც იმუშავა პარლამეტმა და რას აპირებს პარლამენტი გააკეთოს მთელი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 

პარლამეტის ანგარიშვალდებულების ზრდისა და საქმიანობის უკეთ ორგანიზების კუთხით, თხუთმეტივე კომიტეტმა შეიმუშავა და დაამტკიცა წლიური სამოქმედო გეგმა. ასევე, ყველა კომიტეტში უკვე დაინიშნა თემატური მომხსენებლები.

 

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველად დამტკიცდა ეთიკის კოდექსი და დაკომპლექტდა ეთიკის საბჭო.

 

„ნებისმიერ ცივილიზებულ პარლამენტს აქვს თვითშეზღუდვა და თავად იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ პროცესები წარმართოს ეთიკურად. ეს არის იმის მანიშნებელი, განვითარების რა ეტაპზეა პარლამენტი. ამ დოკუმენტის მიღებით ერთი საფეხურით წინ წავედით იმიტომ, რომ ცივილიზებული, განვითარებული პარლამენტების რიგში მოვისურვეთ დგომა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა  მოადგილემ ყურადღება გაამახვილა პარლამენტის კვლევით ცენტრზე და აღნიშნა, რომ დიდი აქცენტი კეთდება პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაჩენაზე.

 

„მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ჰქონდეს რესურსები სამუშაოდ, ჰქონდეს შესაბამისი კვლევითი შესაძლებლობები, ჰქონდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანაბარა, არამედ თვითონ შეეძლოს ასეთი კვლევა და ანალიტიკა გააკეთოს და ამ ყველაფერს დააფუძნოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

პრეზენტაციის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა  მოადგილემ აღნიშნა, პარლამენტი უნდა იყოს სწორედ პოლიტიკური პროცესების ცენტრი და ეს  ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო რესპუბლიკაში.

 

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან კარლ ჰარცელმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა.

 

„ევროკავშირი საქართველოს გრძელვადიანი მხარდამჭერია საპარლამენტო დემოკრატიისკენ სწრაფვის გზაზე.

 

მისასალმებელია, რომ პირველმა ასმა დღემ ახალი რეგლამენტის მიღებიდან ცხადად აჩვენა პარლამენტის გაზრდილი მზადყოფნა ამ მიზნის მისაღწევად. ევროკავშირი მომავალშიც შეუწყობს ხელს საქართველოს პარლამენტის როლის გაზრდას მმართველობის ყველა სფეროში, ხოლო განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა  ჩართულობას უკავშირდება“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

 

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონის განცხადებით, „პარლამენტის საქმიანობის წესებისა და რეგულაციების დეტალური აღწერა მნიშვნელოვანია, რადგან ახალმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულების ჯაჭვი ამომრჩევლიდან პოლიტიკის შემქმნელებამდე.

 

„განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადამიანებზე ორიენტირებულ შედეგებს, რადგან სწორედ ეს განაპირობებს ქვეყნის წარმატებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

 

შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი, ხოლო ხელშემწყობები - ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებას ემსახურება.

 

რეგლამენტის ახალი რედაქცია 2017-2018 წლებში  კომპლექსური საკონსულტაციო პროცესის შედეგად შემუშავდა. საქართველოს პარლამენტთან ერთად რეგლამენტის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობდნენ. ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ხელი შეუწყვეს ამ პროცესის წარმართვას და საქართველოს პარლამენტის მიერ ევროპული საპარლამენტო დემოკრატიების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.

 

საპარლამენტო რეგლამენტით დანერგილ სიახლეებზე მსჯელობა მომავალი თვეების მანძილზე გაგრძელდება. 2020 წელს საქართველოს პარლამენტი გამოაქვეყნებს ანგარიშს ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებისა და შედეგების შესახებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×