logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება ნიშნავს დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებას
- +

26 მარტი. 2019. 14:22

 

 

 

„ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ თანდათანობით გავაძლიეროთ ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც  უფლებამოსილებების, ასევე, რესურსების თვალსაზრისით და ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იქნება უზრუნველყოფილი უკეთესი მომსახურებით, განვითარების უფრო სწრაფი ტემპით,  არამედ, ეს ნიშნავს, დემოკრატიული  სისტემის შემდგომ გაძლიერებასაც”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძემ სამუშაო ჯგუფის პირველი საორგანიზაციო სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება არის კომპლექსური პროცესი, რომელსაც კომპლექსური გეგმა სჭირდება.

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება ძალიან  ბევრ მიმართულებას მოიცავს, როგორც პროცესი, აქედან გამომდინარე, საჭირო იყო შესაბამისი კომპლექსური სტრატეგიის შემუშავება და მოხარული ვართ, რომ ეს პროცესი სათანადოდ წარიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ძალიან ფართო ჩართულობით და ახლა პარლამენტის წინაშე არის წარმოდგენილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი.  გვაქვს იმის საშუალება, რომ განვიხილოთ ასევე ფართო ჩართულობით, ეს დოკუმენტი და წარვუდგინოთ ჩვენი მოსაზრებები აღმასრულებელ ხელისუფლებას - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაძლიერება და ასევე, მისთვის მატერიალური რესურსების გადაცემაა. პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კლასიკური გაგებით, დეცენტრალიზაცია სწორედ მეტ უფლებამოსილებებსა და მეტ რესურსებს ნიშნავს. მისივე შეფასებით, დღეს საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ევროპულ სტანდარტებს ჩამორჩება და შესაბამისად, მასთან დასაახლოებლად, სერიოზული წინსვლა სჭირდება.

 

„მთავარი პრიორიტეტი არის, უფლებამოსილებების გაძლიერება, ასევე, მატერიალური რესურსების გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. კლასიკური გაგებით, დეცენტრალიზაცია სწორედ ამას ნიშნავს - მეტ უფლებამოსილებებსა და მეტ რესურსებს ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის. დღეისათვის ჩვენ ჩამოვრჩებით ადგილობრივი თვითმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის ევროპულ სტანდარტებს როგორც კომპეტენციების კუთხით, ასევე, ფისკალური თვალსაზრისით. შესაბამისად, გვჭირდება სერიოზული წინსვლა იმისთვის, რომ  თანდათანობით დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, წარმოდგენილია საშუალოვადიანი დოკუმენტი, რომელიც ფარავს შემდგომ წლებს - 2025 წლის ჩათვლით. მისი შეფასებით, ეს არის რაციონალური პერიოდი, რა დროშიც, შესაძლებელია ევროპული სტანდარტების მიღწევა.

 

„არის წარმოდგენილი საშუალოვადიანი დოკუმენტი, რომლებიც ფარავს შემდგომ წლებს, 2025 წლის ჩათვლით და  ვფიქრობთ, რომ ეს არის რაციონალური პერიოდი, რა დროსაც არის შესაძლებელი ამ საბოლოო მიზნების მიღწევა და ამ პერიოდის განმავლობაში არის შესაძლებელი, როგორც კომპეტენციების, ასევე, ფინანსური რესურსების კუთხით, ევროპული მაჩვენებლების მიღწევა. გვქონდა საუბარი 7%-იან მაჩვენებელზე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, რაც არის ერთგვარი მინიმალური ევროპული სტანდარტი ფისკალური დეცენტრალიზაციის. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ დეცენტრალიზაციის კუთხით სერიოზულად წავიწიეთ წინ და რეალურად მივუახლოვდით სწორედ ევროპულ სტანდარტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამოცანა კომპლექსურია და შესაბამისად, პროცესი იოლი არ იქნება. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ პროცესის სწორად დაგეგმვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დამსწრეებს აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×