logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილი: სოციალური მუშაკების პროტესტი უნდა გახდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საფუძვლიანი განსჯის საფუძველი
- +

26 მარტი. 2019. 16:14

 

„უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს სოციალური მუშაკების გაფიცვა. სოციალური მუშაკების სამართლიანი პროტესტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს არა მხოლოდ დასაქმებულების სავალალო მდგომარეობას სამუშაო ადგილებზე, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, არამედ ააშკარავებს სახელმწიფოს მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის უგულებელყოფას მოქალაქეების მიმართ. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ სოციალური პოლიტიკა არ გვაქვს. ის, რასაც ჩვენ სოციალურ პოლიტიკას უწოდებთ, არის არა ადამიანების განვითარებაზე, არამედ ადამიანების ფიზიკურ გადარჩენაზე ორიენტირებული ქმედებების ერთობა, ყოველგვარი სისტემური გააზრების გარეშე“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს.

 

„ჩვენ არ ვართ ღარიბი ქვეყანა, რასაც ჩვენ ყოველთვის ვისმენთ სახელმწიფოს უპასუხისმგებლობის გასამართლებლად. ჩვენი პრობლემა უთანასწორობაა, რომელიც უფრო ღრმავდება და რომელიც დეკლარირებულია, როგორც ბუნებრივი მდგომარეობა ჩვენი საზოგადოებისა.

 

ჩვენ გვჭირდება სოციალური პოლიტიკა, რომელიც დაძლევს უთანასწორობას, რომელიც რეალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების, რათა მათ დაძლიონ უპერსპექტივობის განცდა, შეიძინონ მეტი რწმენა და მოახდინონ სრულფასოვანი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა განვახორციელოთ ნამდვილი სოციალური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება ძლიერი, პასუხისმგებლიანი სახელმწიფო.

 

ამგვარი სახელმწიფო ვერ იქმნება რეფორმებით, რომლებიც ახალისებენ თავკერძობას, ინდივიდუალიზმს და მარტო ტოვებენ ადამიანებს ისეთი სირთულეების მიმართ, რომელთა გამკლავებაც მათ სახელმწიფოს თანადგომის გარეშე არ შეუძლიათ.

 

ჩვენ გვჭირდება რეფორმები, რომლებიც წაახალისებს სოლიდარობას, თანადგომას და სახელმწიფოს აქცევს საყოველთაო განვითარების მექანიზმად საზოგადოების ხელში, სადაც ბიუჯეტი, სოციალური სისტემა, საპენსიო სისტემა იქნება სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული.

 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მხოლოდ სოციალური მუშაკების წინაშე არსებული პრობლემების აღიარება არ არის საკმარისი.  აუცილებელია მყისიერად იმ საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც სამართლიანად ითხოვენ სოციალური მუშაკები, რათა არ დაზიანდნენ ოჯახები, რომლებზეც ისინი ზრუნავენ.

 

ამიტომ მინდა, ჩემი თანადგომა გამოვუცხადო სოციალურ მუშაკებს სამართლიან და მნიშვნელოვან ბრძოლაში. ეს პროტესტი უნდა გახდეს სახელმწიფოს როლისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საფუძვლიანი განსჯისა და გააზრების საფუძველი.

 

აქვე მინდა გამოვეხმაურო ელმავალმშენებელი ქარხნის მუშების გაფიცვას და მივულოცო მათ პროცესის წარმატებით დასრულება.

 

მხოლოდ ამგვარი ბრძოლით მიიღწევა შედეგი“, - ნათქვამია ბექა ნაცვლიშვილის განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner