logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
- +

15 აპრილი. 2019. 12:59

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტს, ფეისალ ალ-ფაიეზს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

 

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებასა და ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

 

ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და იორდანიის სავაჭრო პალატას შორის მჭიდრო კავშირის მნიშვნელობას.

 

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და მათთან გასამკლავებლად, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

ფეისალ ალ-ფაიეზმა ირაკლი კობახიძეს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და იორდანიის სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასული წლის გაზაფხულზე, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტმა კიდევ უფრო გაამყარა ორმხრივი კავშირი და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში ახალ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი.

 

„საქართველოსთვის იორდანია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო რეგიონში, რომელიც, ჩვენი ქვეყნის მსგავსად, ცდილობს, თავისი დადებითი წვლილი შეიტანოს რეგიონულ მშვიდობაში, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში და მშვიდობიანი გადაწყვეტა მოუძებნოს კონფლიქტებს, შეამციროს დაძაბულობა, გადაჭრას ლტოლვილებთან დაკავშირებულ პრობლემები და ხელი შეუწყოს ზოგადად, რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას.

 

მინდა, აღვნიშნო პარტნიორული ურთიერთობები ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის.  მეგობრობის ჯგუფების როლი არის განსაკუთრებული  და დარწმუნებული ვარ, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება.

 

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ ხოლმე იმ პოტენციალს, რომელიც ასათვისებელია ეკონომიკური ურთიერთობებისა და ვაჭრობის თვალსაზრისით,  ასევე, ტურიზმის სფეროში არის დიდი პერსპექტივა და ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ამ მიმართულებით ურთიერთობების განვითარებისთვის.

 

მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს წლებში, ჩვენი ძალისხმევით, საქართველოსა და იორდანიის ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე გადავა და ორი ქვეყნის შემდგომი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მშვიდობისა და თანამშრომლობის განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

სენატის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ვიზიტი ხაზს უსვამს იორდანიისთვის საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას.

 

„ორივე ქვეყანა თანხმდება ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე. ორმხრივი ინვესტირების პროექტები, სავაჭრო ურთიერთობები, ტურიზმის განვითარება - ეს არის ის პრიორიტეტები, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის ფარგლებში იკვეთება. ინვესტირება საქართველოს ინფრასტრუქტურაში არის ძალიან დიდი ინტერესის საგანი იორდანიისთვის. ასევე, ხაზს ვუსვამთ ბიზნეს-საზოგადოების როლს და მხარს ვუჭერთ ყველა იმ აქტივობას, რომელიც გააძლიერებს ამ სექტორებს. საქართველოსა და იორდანიის სავაჭრო პალატების ურთიერთობა ძლიერდება და მათი ორმხრივი ურთიერთობები გადავა სამომავლოდ შემდეგ ეტაპზე“, - განაცხადა ფეისალ ალ-ფაიეზმა.

 

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×