logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილი ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთისა და დასავლეთის მიდგომებს შორის...
- +

15 აპრილი. 2019. 13:17

 

„კურსი, რომელსაც საქართველოში ატარებდა სააკაშვილის ხელისუფლება, იყო მიმართული პირადი დიქტატორული მმართველობის სისტემის გაძლიერებაზე და ამასთანავე, მნიშვნელოვანწილად შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას, როდესაც სრულიად იქნა იგნორირებული ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებული სტრატეგია – ერთობლივად შემუშავებული „საგზაო რუკა“ და რუსეთს საშუალება მიეცა, მოეხდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისთვის საჭირო გეგმის რეალიზაცია“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგიმ ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

 

სააკაშვილმა 12 აპრილს, ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ზედმეტად წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, ისევე, როგორც არავის სჭირდებოდა ზედმეტად წარმატებული საქართველო. მისივე თქმით, ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც უკრაინა არ სჭირდება, მეორე მხრივ – დასავლეთი კოლონიალური მიდგომებით.

 

როგორც ვოლსკი აცხადებს, სააკაშვილი ფაქტობრივად ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთისა და დასავლეთის მიდგომებს შორის, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსთან მიმართებაში.

 

„მინდა, ყურადღება გავამახვილო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ახლა უკვე დაუფარავ გზავნილზე მისი პოლიტიკური ხედვის შესახებ, რომელიც მან წარმოადგინა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს.

 

ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, იგი ფაქტობრივად ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსთან მიმართებაში. შექმნილ რთულ ვითარებაში, როდესაც უკრაინისათვის საერთაშორისო თანადგომა, ისევე როგორც საქართველოსათვის, გადამწყვეტი პირობაა, სააკაშვილი მიუთითებს, რომ განვითარებული უკრაინა და განვითარებული საქართველო არავის სჭირდება „კოლონიალური პოლიტიკის“ გამტარებელ ევროკავშირში.

 

გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა ზედმიწევნით გაიმეორა რუსეთის სტრატეგიული ამოცანის მთავარი ფორმულა, უკრაინელებს დასავლეთის დიქტატისგან დამოუკიდებელი განვითარების პერსპექტივის სადემონსტრაციოდ წარმოუდგინა ანიმაციური ფილმი, მულტფილმი, რომელიც დედაქალაქის ახლად აშენებულ ქალაქში გადატანის და საყოველთაო კეთილდღეობის დემონსტრირების კონცეფციაზეა აგებული.

 

საქართველოსთან მიმართებაში „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი ლიდერისაგან მოსმენილი ფორმულირებები ერთგვარი პასუხია იმ პროცესების საყოველთაო პოზიტიურ შეფასებაზე, რომელიც მიმდინარეობს პარტნიორ ქვეყნებთან, ნატო-სთან, ევროკავშირთან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ფორმატში პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. დასაშვებია, რომ ეს გამოხტომა მავანმა დასავლეთისგან უარყოფილი რევოლუციონერი პოლიტიკოსის არაადეკვატურობის მორიგ გამოხატულებად მიიჩნიოს, თუმცა, თუკი ყურადღებით გავაანალიზოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მის გარშემო გაერთიანებული სატელიტური პოლიტიკოსების და ნაკლებად პარტიების ბოლოდროინდელ ქმედებებს, მათი საპრეზიდენტო კანდიდატის და ახლა უკვე თავმჯდომარის მონაცემებს, ცილისმწამებლურ განცხადებებს, ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის დაუოკებელ მცდელობებს, დასკვნებიც სხვა შინაარსის იქნება.

 

იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარებაში უფრო ფართოდ გარკვევის სურვილს გამოხატავენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. ვფიქრობთ, რომ საქართველოს ხალხისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამ საკითხზე პოლიტიკური პარტიების პოზიცია, ისევე როგორც დიპლომატიური კორპუსის მოსაზრებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მათი ქვეყნების და გაერთიანებების მოღვაწეობის „კოლონიალისტურ პოლიტიკად“ შეფასების თაობაზე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×