logo_geo
eng_logo
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მოქალაქეთა შრომითი მიგრაცია, ლეგალური მიგრაცია და არსებული გამოწვევები განიხილეს
- +

15 აპრილი. 2019. 18:43

 

საქართველოს მოქალაქეთა შრომითი მიგრაცია, ლეგალური მიგრაცია, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის მექანიზმები იყო მთავარი თემა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

 

ინფორმაცია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროგრამების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეთა უცხოეთში დროებითი კანონიერი დასაქმების შესახებ, კომიტეტის წევრებს,  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორმა ნათია კვიციანმა მიაწოდა.

 

„იმისათვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით, უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა და ასევე იმ ადამიანებმა, რომლებიც აპირებენ უცხოეთში ცხოვრებას, იცოდნენ როგორ იმოქმედონ სწორად, არაერთი აქცენტი იქნა გაკეთებული საქართველოს ხელისუფლების, პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით. კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ნიშნავს იმ ქოლგას, რომლის ქვეშაც უნდა გაიშალოს ფართო საქმიანობა როგორც კანონშემოქმედებითი, ისე საინსტრუქციო და სხვა სახის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვინდა მოვისმინოთ ძალიან კარგი მოსაზრებები, აქტუალური თემები და გამოწვევები, რომელსაც მისი საქმიანობის ფარგლებში სწავლობს და ემსახურება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.

 

ნათია კვიციანმა კანონმდებლებს „დროებითი შრომითი მიგრაციის“  პილოტური პროგრამის პრეზენტაცია წარუდგინა.

 

მომხსენებლის განმარტებით, ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბით ეხმარება ქვეყნების მთავრობებს, რეგულირების პროცესში მოაქციონ დროებითი, შრომითი და ცირკულარული მიგრაციის პროცესები და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა 1993 წლიდან არსებობს.

 

ნათია კვიციანმა ისაუბრა პროექტის ფარგლებში კვლევების შედეგად გამოკვეთილ მიგრაციის მიზეზებზე და არალეგალური მიგრაციის რისკებსა და საფრთხეებზე.

 

მომხსენებლის განმარტებით, იმის გამო, რომ ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები ჯერჯერობით აქტიურად არ არის ამუშავებული, ადამიანები არასწორად იყენებენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს და რადიკალურად კრიტიკულად არის გაზრდილი თავშესაფრის მოთხოვნების რიცხვი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მათ შორის, საფრანგეთში. ამასთან, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ არალეგალური დასაქმების პირობებში ვერ ხდება ადამიანების კვალიფიკაციის მიხედვით დასაქმება და ხდება მათი კვალიფიკაციის დაკარგვა.

 

რადიკალურად განსხვავებულია დროებითი კანონიერი შრომითი მიგრაციის შემთხვევები და შესაბამისად მნიშვნელოვნად დიდია სიკეთეები, რაც კანონიერ შრომით  მიგრაციას აქვს.

 

ნათია კვიციანის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ დროებითი მიგრაციის პროცესები სწორ ჩარჩოში მოექცეს და დარეგულირდეს.

 

„რეგულირებული და კარგად აწყობილი დროებითი შრომითი მიგრაცია გულისხმობს არა ადამიანების გაშვებას ბრმად, არამედ მათ კარგად შერჩევას შესაბამისი სამუშაო ადგილისთვის, რომ არ მოხდეს გაუგებრობები. რეგულირების პროცესში ადამიანების გადინება არ იქნება მასობრივი“, - განაცხადა ნათია კვიციანმა.

 

მანვე დეტალურად ისაუბრა პილოტურ პროგრამაზე, რომელიც  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად პოლონეთში განხორციელდა. მისი თქმით, პოლონეთს აქვს განსაკუთრებული შრომითი მიგრაციის რეჟიმი საქართველოსთან და პოლონეთის მთავრობის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ განხორციელებულიყო პილოტირება პოლონეთის შრომით ბაზარზე დროებითი შრომითი მიგრანტების ლეგალური დასაქმებისა. როგორც ნათია კვიციანმა განმარტა, სწორედ ამ პილოტური პროექტის ფარგლებში მოხდა ადამიანების დასაქმება პოლონეთის შრომით ბაზარზე არსებულ სხვადასხვა სფეროებში.

 

„დღეის მდგომარეობით მხოლოდ პოლონეთში ასეთი 51 მიგრანტია დასაქმებული და მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის ძალიან ინტენსიური მუშაობა საფრანგეთის მთავრობასთან ანალოგიურ პროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნათია კვიციანმა.

 

მისი თქმით მუშაობა მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთანაც. მათ შორის, ისრაელთან, პორტუგალიასთან, ლიტვასთან, ესტონეთთან.

 

„დროებით, ცირკულარული, კანონიერი შრომითი მიგრაცია არის ძალიან სასიკეთო ჩვენი ქვეყნისათვის და ამ მიმართებით ჩვენ, გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად“, - განაცხადა ნათია კვიციანმა.

 

„თქვენი ორგანიზაცია, ლიდერი და სოლიდური  ორგანიზაცია და მე მიხარია რომ თქვენი დღის წესრიგი ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულ პოლიტიკას ემთხვევა.  თქვენი პრეზენტაცია ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.

 

შრომითი მიგრაციის პროცესის რეგულირებას და ლეგალური დასაქმების ხელშეწყობის საკითხებს შეეხო თავის მოხსენებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი - გიორგი ბუნტური.

 

მისი განცხადებით, მიგრაციული პროცესების მართვა და რეგულირება საქართველოში 2013 წლამდე არ ხდებოდა. 2013 წლიდან კი სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ დაიწყო მიგრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და სხვა ტიპის ინიციატივების შემუშავება.

 

გიორგი ბუნტურის განცხადებით საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დაიწყება საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი, დროებითი დასაქმების პროცესი. ანალოგიური ხელშეკრულება სახელმწიფო დონეზე პოლონეთთან გაფორმდება, რაც პილოტური პროექტის ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის. მომხსენებლის თქმით, ანალოგიური მოლაპარაკებები მიგრანტთა დროებით, ცირკულარულ, ლეგალურ დასაქმებაზე მიმდინარეობს ისრაელის, ლიტვის, ესტონეთის, საბერძნეთის  მთავრობებთან და რეალური შედეგები მიმდინარე წლის ბოლოსთვის იქნება ხელშესახები.

 

„პროცესი ახალი დაწყებულია და დროთა განმავლობაში მეტად განვითარდება, დაიხვეწება და ჩვენი მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების მეტი შესაძლებლობები გაჩნდება“, - განაცხადა გიორგი ბუნტურმა.

 

მისივე განცხადებით, მომხსენებლებმა პროექტთან დაკავშირებით დეპუტატების და დამსწრე აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

 

ბექა ოდიშარიას განცხადებით, კომიტეტი შემდეგ სხდომაზე  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელს მოუსმენს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner