logo_geo
eng_logo
საქართველო და პორტუგალია დროებითი შრომითი მიგრაციის შესახებ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
- +

23 აპრილი. 2019. 10:48

პორტუგალია მზად არის საქართველოსთან ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, აღნიშნული საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პორტუგალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ლისაბონში ვიზიტის დროს განიხილეს.

 

პორტუგალიის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოსთან დროებით ლეგალურად დასაქმების საკითხებში თანამშრომლობაზე. კერძოდ, უკვე განისაზღვრა შესაბამისი საკონტაქტო პირები და აღნიშნულ საკითხზე იგეგმება საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პორტუგალიაში, რა დროსაც მოხდება თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.

 

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარება პრიორიტეტულია.

 

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საფრანგეთთან ხელმოწერილი შეთანხმების შემდგომ პორტუგალია იქნება ევროკავშირის წევრი კიდევ ერთი ქვეყანა, ვისთანაც საქართველო ამ მიმართულებით შეთანხმებას გააფორმებს. აღინიშნა, რომ ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქართველი სპეციალისტებისთვის დასაქმდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ, ასევე შეთანხმება ხელს შეუწყობს მიგრაციული პროცესების დარეგულირებას.

 

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, საქართველო აქტიურად აგრძელებს შრომითი მიგრაციის სფეროში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობას. როგორც ცნობილია, უკვე ძალაში შევიდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა უახლოეს მომავალში შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაცია დაიწყოს. შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან, დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ისრაელთან და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პორტუგალიის რესპუბლიკას მიმდინარე წლის 21-22 აპრილს ეწვია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner