logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ყოველთვის, როცა პანკისში ჩავდიოდით, მეგობრობის მეტი არაფერი ხდებოდა
- +

23 აპრილი. 2019. 14:16

 

„ყველა იმ ადამიანმა, ვისაც დანაშაული მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს, არავის ეპატიება პოლიციელის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები. შესაბამისად, კანონით უნდა ვიხელმძღვანელოთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც კალაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპონენტებისა და ექსპერტების მხრიდან ჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, დამაზიანებელი და ძალიან საშიში განცხადებები კეთდება.

 

„ძალის რომელ გადამეტებაზე ვლაპარაკობთ, ის, რაც ვნახეთ, იქ კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, კანონის შესაბამისად ყველას პასუხი მოეთხოვება. სამწუხარო არის ის, რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე. ჩემი მინისტრობის დროს ბევრი პროექტი განვახორციელეთ პანკისის ხეობაში. იყო გაზიფიცირების სამუშაოები, ელექტროფიცირება, ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება, იყო სოფლები, სადაც ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით პრობლემები იყო. ყოველთვის, როცა ჩავდიოდით და ამ პროექტებს ვახორციელებდით, ძმობის და მეგობრობის მეტი არაფერი ხდებოდა, სუფრის გაშლით დაწყებული, ძმაკაცობით დამთავრებული. შესაბამისად, ის განწყობა და დამოკიდებულება, რაც ვნახეთ, კატეგორიულად მიუღებელია და ცდება ყველაფერს. ყველა იმ ადამიანმა, ვისაც დანაშაული მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს. არავის ეპატიება პოლიციელის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები. შესაბამისად, კანონით უნდა ვიხელმძღვანელოთ", - განაცხადა კალაძემ.

 

კითხვაზე - იკვეთება თუ არა ნათია თურნავას პასუხისმგებლობის საკითხი, რასაც ოპოზიცია ითხოვს, კალაძემ განაცხადა: „თურნავა რა შუაშია საერთოდ?“

 

„ჩვენ თუ ვართ სახელმწიფო, როდესაც ქვეყანაში ინვესტიციები ხორციელდება, ყველა ინვესტორის ინტერესი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. თუ ქვეყანაში არსებობს ინსტიტუტები, კანონი, ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს, დაემორჩილოს კანონს. რას ნიშნავს მე არ მინდა, შენ გინდა? არის შესაბამისი სამსახურები, რომელიც გასცემს ნებართვას, ხდება გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტაციის მომზადება, განხილვები, სხვანაირად არ გამოვა.

 

ზოგადად, ვინმეს პასუხისმგებლობაზე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ რომ მიდის მიზანმიმართული პროპაგანდა ჰესების წინააღმდეგ, ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებასთან მიმართებაში. ჩვენ ხომ ვართ ამ ქვეყნის შვილები, ხომ გვიყვარს და ძალიან მარტივია - დღეს ჩვენ გვაქვს ელექროენერგიის დეფიციტი, როდესაც გვაქვს წყლის უამრავი რესურსი, უნდა მოხდეს ამის რაციონალური გამოყენება. რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე, აზერბაიჯანზე, როდესაც საკუთარი რესურსი გაგვაჩნია? ყველა სწორად მოაზროვნე ადამიანი ამას აანალიზებს, რომ ეს რესურსი სწორად უნდა გამოვიყენოთ. მეტიც, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია გავიტანოთ სხვადასხვა ქვეყნებში, თურქეთში ან თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ პოლიტიკოსების და ექსპერტების მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ განცხადებები კეთდება.

 

„შეიძლება, „ქართული ოცნება“ არ მოგწონდეს, იყო ოპონენტი, მაგრამ არსებობს ჩარჩოები, რომელსაც არ უნდა გასცდე. პირველი - არსებობს ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფოებრივი ინტერესი. მე დავინახე ბევრი ექსპერტის, პოლიტიკოსის და ოპონენტის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, რაც დამაზიანებელი და ძალიან საშიშია“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×