logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით ასეთი კომპლექსური კვლევა პირველად ჩატარდა
- +

23 აპრილი. 2019. 17:30

 

საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართა. 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საქართველოში, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში, ტყვიის კომპონენტის კვლევა პირველად ჩატარდა.

 

„მთავრობის განკარგულებით  შემუშავდება ძალიან კომპლექსური გეგმა, რომელიც  გათვლილი იქნება რამდენიმე წელზე.

 

ჩვენ შევისწავლით სხვადასხვა ფაქტორს, რომ მივაგნოთ დაბინძურების წყაროს. ეს შეიძლება იყოს, როგორც ნებისმიერი სამომხმარებლო-სამრეწველო პროდუქცია, ისე გარემო ფაქტორები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, კვლევებში ჩართული არიან  გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.

 

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომელსაც აქვს მწვანე ეკონომიკის და ეკოლოგიის პრიორიტეტები. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ გარემოში ტყვიის არსებობის საკითხზე და ამ პრობლემის გადაჭრისთვის კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული.

 

მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო მუდმივად   ახორციელებს  ტყვიის მონიტორინგს.  მიმდინარეობს კვლევები, როგორც ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგსა და წყალში, ისე საწვავში. ასევე აქტიურად ხორციელდება სურსათისა და სასმელი წყლის კონტროლი.

 

მთელი საქართველოს მასშტაბით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2016 წლიდან, ეროვნული რეგულაციით ტარდება კვლევა სურსათში და საკმაოდ დიდი რაოდენობის ნიმუშებს ვამოწმებთ.  გარკვეული გადაცდომები დაფიქსირდა ერთეულ შემთხვევებში, რომლებიც საერთო ნიმუშების 2 %-ზე ნაკლებია.

 

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ შედეგები, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, მაგრამ საგანგაშო არ არის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს კომპლექსურ კვლევებს სისხლში ტყვიის მომატებული კონცენტრაციის დადგენის მიზნით“, -  განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×