logo_geo
eng_logo
ვლადიმერ კონსტანტინიდი: კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა უვიზოდ მიმოსვლის პროცესი საფრთხის ქვეშ არ დადგეს
- +

25 აპრილი. 2019. 16:27

 

საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ და გაიაზრონ პასუხისმგებლობა, რაც ევროპაში მოგზაურობისას მართებთ.

 

უწყების სპიკერის განცხადებით, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდამ გარკვეული პრობლემები გამოიწვია, რაზეც ამ ეტაპზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიდის მუშაობა.

 

მისივე თქმით, უნდა გაიწეროს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც საკითხის დარეგულირება მოხდება, რათა საქართველო შეჩერების მექანიზმის ამუშავების წინაშე არ დადგეს.

 

„დასამალი არ არის, რომ ბოლო პერიოდში იყო გარკვეული პრობლემები. თავშესაფრის მოთხოვნით ჩვენი მოქალაქეების მიმართვიანობამ იმატა ევროკავშირისა და შენგენის ზონაში. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ის მონაპოვარია, რომელსაც უნდა გაუფრთხილდნენ. ეს არ არის დასრულებული პროცესი. უვიზო რეჟიმი წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ, ამიტომ ამ შედეგს უნდა შევხედოთ მეორე მხრიდან, როგორც პროცესს, რომელსაც ჩვენი ევროპულ ოჯახში გაწევრიანება ჰქვია“,- აღნიშნავს საგარეო უწყების სპიკერი.

 

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით ბოლო ორ წელიწადში კეთილსინდისიერად 600 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა.

 

„პასუხისმგებლობა მოჰყვება ნებისმიერ პრივილეგიას, მათ შორის ამ საკითხსაც. ეს მექანიზმი არსებობს, უბრალოდ იმისათვის, რომ ეს მექანიზმი არ ამოქმედდეს, როგორც სახელმწიფომ, ისე თითოეულმა ჩვენგანმა, მოქალაქეებმა უნდა გადავდგათ გონივრული ნაბიჯები. რაც შეეხება სახელმწიფოს, თუ რას აკეთებს ამ მიმართულებით, გეტყვით, რომ აქტიური მუშაობა მიდის როგორც ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივ რეჟიმში, ისე ცალკეულ ინსტიტუტებთან. ადგილზეც ვახორციელებთ პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს, ვმუშაობთ რეაგირების რეჟიმში, იცით, რომ რამდენიმე საინფორმაციო ტალღა გვქონდა, ვმუშაობთ მოქალაქეებთან, რომლებიც პოტენციურად არიან უვიზო რეჟიმით მოსარგებლეები“,-  აღნიშნავს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გამოთქმული წუხილი სერიოზული განხილვის საგანია და რისკების გასანეიტრალებლად მუშაობა გრძელდება.

 

„მუშაობა მიმდინარეობს. ევროპელ პარტნიორებს გავაცანით ჩვენს მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯები. ასევე წინადადებების გაცვლა, სამუშაო შეხვედრები დღესაც გრძელდება და იქ უკვე კონკრეტიკაზე წავა საუბარი, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ეს პროცესი არ დაზარალდეს და საფრთხის ქვეშ არ დადგეს“,-  აღნიშნავენ სამინისტროში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×