logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის გენერალურ მრჩეველს შეხვდა
- +

15 მაისი. 2019. 13:04

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის გენერალურ მრჩეველ პიტერ დევიდსონს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოში, სასამართლოს სფეროში მიმდინარე რეფორმებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებს, ამ მიმართულებით  საკანონმდებლო საქმიანობას და ა. შ.

 

„ჩვენ განვიხილეთ ის საკითხები, ის რეფორმები, რომლებიც ხორციელდება კანონპროექტების დონეზე საქართველოს პარლამენტში. ბატონ პიტერს  გავაცანი სასამართლოს რეფორმა დეტალურად და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული პროცედურები და კრიტერიუმები, რომლებიც შევიმუშავეთ და გავწერეთ კანონით. შესაბამისად, სრული ინფორმაცია მივაწოდე მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

 

მისივე ინფორმაციით, აშშ-ის  კომერციის დეპარტამენტის გენერალურმა მრჩეველმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მისწრაფებებს და ამერიკელი ხალხი და ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მტკიცე პარტნიორი  და ჩვენი მეგობარი იმ რეფორმებში, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიული პროცესების განვითარებას საქართველოში“.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner