logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: რუსეთმა შეიძლება ვეტო დაადოს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებს
- +

15 მაისი. 2019. 18:25

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის რესპუბლიკის სეიმის სპიკერს ინარა მურნიეცეს ოფიციალურ ლანჩზე შეხვდა.

 

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, ევროპული და ევროატლანტიკური პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადია და მას რუსეთი პროვოკაციებით და ბორდერიზაციით ვერ შეაჩერებს.

 

 

 

ინარა მურნიეცეს განცხადებით, ლატვიას უკეთ ესმის, რა სახეს ატარებს რუსეთთან კონფლიქტი და იგი ეხმარება საქართველოს, რათა დასავლეთ ევროპის წარმომადგენლებმა რეალურად გააცნობიერონ, რას ნიშნავს საქართველოსათვის ოკუპაცია.

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უნდა გავაძლიეროთ მთლიანად ევროპის კონსოლიდაცია, საქართველო წინ მიდის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია საკუთარი მოქალაქეების წინაშე, რომელთა უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას და ეს ჩანაწერი უკვე საქართველოს კონსტიტუციაშიც არსებობს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მცირედით არ დაკმაყოფილდება და მას ევროკავშირის მხრიდან რეალური და ქმედითი გადაწყვეტილებები სჭირდება და თუ ევროკავშირი ყველასათვის ზოგად, ერთიან ფინანსურ ინსტრუმენტს გამოიყენებს, ეს უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს სჭირდება მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომა, რათა განხორციელდეს ევროკავშირში სექტორული გაწევრიანება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაძლოა, რუსეთმა ვეტო დაადოს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებს საერთაშორისო ორგანიზაციებში, მაგრამ იგი საქართველოსა და ქართველ ხალხს ვეტოს ვერ დაადებს. საქართველოს მისწრაფებები შეუქცევადია.

 

ინარა მურნიეცეს განცხადებით, ლატვია საქართველოს საუკეთესო მეგობრად და აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნად აღიარებს, ამიტომ მიაჩნია, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მიდგომები უნდა არსებობდეს და ევროპის პოლიტიკა მასზე სხვაგვარად უნდა აისახოს. საუბარი შეეხო ლატვია-საქართველოს საპარლამენტო ურთიერთობებს, საჯარო მოხელეების სასწავლო პროგრამებს, ქართულ დიასპორას და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით არსებული თანამშრომლობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და აღინიშნა, რომ აუცილებელია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რათა შეძლონ სანდო და სარწმუნო ინფორმაციის დეზინფორმაციისაგან გარჩევა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×