logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
- +

16 მაისი. 2019. 13:05

 

​საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტების პირისპირ მოლაპარაკებები და პრესკონფერენცია ჩატარდება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ესტონეთის რესპუბლიკის რიიგიკოგუს თავმჯდომარე ჰენ პოლუასთან და პრემიერ-მინისტრ იური რატასთან.

 

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არაერთი ფაქტორი განაპირობებს.

 

„შეხვედრებზე განხილული იქნება ესტონეთის მხარდაჭერის პრაქტიკული განხორციელება საქართველოს ევროინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების მიმართულებით და საქართველოს რეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები. ცნობილია, რომ ეს თემა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ მოსკოვში რუს კოლეგასთან შეხვედრაზე დააყენა. დღეს ესტონეთს, ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჰყავს ახალი კოალიციური მთავრობა და პრეზიდენტის ვიზიტი კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ, შესაბამის, მაღალი თანამდებობის პირებთან განიხილებოდეს საქართველოს პრიორიტეტები“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა ესტონეთში.

 

ესტონეთის პრეზიდენტთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების კონფერენციის „ერთი წარსული – ბევრი მომავალი“ ღია დისკუსიაში. თეა ახვლედიანის განცხადებით, კონფერენციაში მონაწილეობა პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგან კონფერენციის საერთაშორისო და მაღალი დონის აუდიტორია მოელის სალომე ზურაბიშვილის ხედვას ევროპის მომავალთან დაკავშირებით, გამომდინარე, როგორც საფრანგეთის დიპლომატიური გამოცდილებიდან და ასევე, საქართველოს პრეზიდენტის პოზიციიდან. სალომე ზურაბიშვილი ტალინში ნატოს კოოპერატიული კიბერთავდაცვის ცენტრს ეწვევა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა. ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები „მიკელის“ მუზეუმში ფიროსმანის გამოფენას „მარტოხელა გენიოსის სამყარო“ დაათვალიერებენ. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner