logo_geo
eng_logo
პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ერთობლივი ტრენინგი მიმდინარეობს
- +

11 ივნისი. 2019. 14:20

 

 

საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, კორუფციული საქმეების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის თემაზე ქართველი სამართალდამცავებისა და სასამართლო კორპუსის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი ტრენინგი მიმდინარეობს. სასწავლო კურსი  საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ გახსნეს. ტრენინგის მიზანი მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლება, წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ქვეყანაში ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებაა.

 

სასწავლო პროცესს ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული უცხოელი ექსპერტები უძღვებიან. 2-დღიანი პროგრამის ფარგლებში ძირითადად განხილული იქნება: საგამოძიებო ტექნიკა და სტრატეგია, კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლები, მტკიცებულებების სტანდარტი და ერთობლიობა, მათი დასაშვებობა სასამართლო ეტაპზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები და საერთაშორისო თანამშრომლობა.

 

ტრენინგში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, სასამართლო კორპუსის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები მონაწილეობენ. ტრენინგი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“ ფარგლებში არსებული პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მხარდაჭერით მიმდინარეობს. ერთობლივი სწავლება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საერთო გამოწვევებზე, აქტუალურ საკითხებზე მსჯელობასა და ერთობლივი მიდგომების ჩამოყალიბებას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×