logo_geo
eng_logo
კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის პრობლემების განსახილველად იწვევს
- +

13 ივნისი. 2019. 13:26

 

 

კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე იწვევს.  როგორც ცნობილია, საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს  ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.  ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველომ 2019 წლის 1 ივლისამდე  უნდა მიიღოს.

 

„აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიისა და EBRD-ის დაფინანსებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტზე 2 წელი მუშაობდა.  კერძოდ, სამუშაო პროცესში ჩართული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD),  ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, როგორიცაა  „Grant Thornton“, „Analysys Mason“ და „Pierstone“. ასევე, ევროკომისიის დაფინანსებით, კანონპროექტებში ცვლილებების პაკეტზე კომისიასთან ერთად მუშაობდა ბელგიელი მედიაექსპერტი  ჟან ფრანსუა ფურნემონი,  რომელიც წლების განმავლობაში, იკავებდა ბელგიის მედია მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის და მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) თავმჯდომარის თანამდებობებს.

 

ამის პარალელურად ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კომისიის თანამშრომლებისათვის  ტრენინგები ჩაატარეს ევროპის საბჭოს მიერ მოწვეულმა მედიაექსპერტებმა ქალბატონმა ელენა მანდიჩმა და დამირ ჰაიდუკმა. ტრენინგებზე განხილულ იქნა არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის, თვითრეგულირებისა და რეგულირების საკითხები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მაგალითებზე. 

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დღეს ისეთი სენსიტიური და მნიშნელოვანი საკითხები, როგორიც არის სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენა მოქმედი კანონმდებლობით არ ითვალისწინებს  მაუწყებლებისთვის რეგულირების ეფექტიან მექანიზმებს და ასეთი საკითხები მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილება. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მიხედვით,  მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში, ან სასამართლოში გასაჩივრება დაუშვებელია, რაც ევროკომისიის დაფინანსებით მოწვეული ექსპერტების დასკვნით, შეუსაბამობაშია ევრო დირექტივასთან და  კანონში ცვლილებებს საჭიროებს. 

 

ევროპელი ექსპერტების მიერ კომისიისთვის შემოთავაზებული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხების  თვითრეგულირებიდან  მთლიანად ამოღება და საკითხის  სრულად კომისიისათვის დაქვემდებარება. აღნიშნულმა რეკომენდაციებმა ასახვა ჰპოვა კომისიის მიერ მომზადებულ  პროექტში, რომელიც კომენტარებისთვის გაეგზავნათ, როგორც მაუწყებლებს, ისე მედიის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 

მაუწყებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით, ასევე თავად თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კომისიამ გადაწყვიტა პირველ ეტაპზე გასაჩივრების უფლება კვლავ მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოში დარჩენილიყო, ხოლო  კომისიაში, ან სასამართლოში საკითხის გასაჩივრება მხოლოდ მას შემდეგ გამხდარიყო შესაძლებელი, რაც  დაინტერესებული პირი თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იქნებოდა უკმაყოფილო.

 

თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კომისიაში, ან სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის თავად თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას და მაუწყებლები მეტი პასუხიმგებლობით მოეკიდებიან საჩივრებს. მოგეხსენებათ, რომ დღეს თვითრეგულირების მექანიზმი არაეფექტურად მუშაობას და ამას თავად არასამთავრობო სექტორიც ადასტურებს.  კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება   შესაძლებელი იქნება სასამართლოში.

 

აღსანიშნავია, რომ მაუწყებლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს თავად ჰქონდათ შესაძლებლობა კანონპროექტზე მუშაობის პროცესში შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ ევროპელ ექსპერტებს. აღნიშნულის მიზნით, კომისიაში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, EBRD-ისა და ევროკომისიის  მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ჩართულ ექპერტებთან. შეხვედრებზე არასამათავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს ექსპერტებმა განუმარტეს, რომ თვითრეგულირების მექანიზმი შესაძლებელია წარმოადგენდეს აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროპული დირექტივის აღსრულების დამატებით საშუალებას, მაგრამ ამ  მექანიზმის არსებობა ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს ევრო დირექტივიდან. ამას გარდა, ექსპერტებმა მხარეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ  არ არსებობს ევროპაში ქვეყანა, სადაც სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენა მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოში განიხილება.  საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნით, ყველა ევროპულ ქვეყანაში ის აუცილებლად საჩივრდება შესაბამის მარეგულირებელ უწყებასა და სასამართლოში.

 

ორ წლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად მომზადებული კანონპროექტი საკანონდებლო წინადადების სახით, 2018 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში შეიტანა.  საქართველოს პარლამენტის მიერ კომისიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა ამ დრომდე არ  მომხდარა და ის საკანონდებლო ინიციატივად არ გადაუქცევიათ. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში კი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველომ 2019 წლის 1 ივლისამდე  უნდა მიიღოს.

 

კომისიის მიერ პარლამენტში კანონპროექტის შეტანის შემდეგ, არასამთავრობო სექტორმა დააყენა საკითხი, რომ  თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომისიაში გასაჩივრება მაუწყებლებისთვის რისკებს შეიცავდა. კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი რისკის შემცველი არ  არის და ცვლილების  მიზანი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაა. მიუხედავად ამისა, კომისიამ არასამთავრობო სექტორს ევროკომისიასთან წერილის გაგზავნა შესთავაზა, რათა დაზუსტდეს, ხომ არ შეუქმნის აღნიშნული ცვლილებების განუხორციელებლობა საფრხეს ასოცირების ხელშეკრულებას. არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა 2 თვეზე მეტია რაც შედგა, თუმცა კომისიას მათგან დამატებითი ინფორმაცია, ან კომენტარი ამ დრომდე არ მიუღია. თავის მხრივ, კომისიამ აღნიშნული საკითხის კიდევ ერთხელ დაზუსტების მიზნით, წერილობით მიმართა  ევროკომისიას და ელოდება მათ პასუხს. კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია დაიცვას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ქვეყნის ევროპულ განვითარებაზე იზრუნოს.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთანაა  დაკავშირებული - ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპაა“ (CREATIVE EUROPE), რომელიც  ევროპული კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების მხარდასაჭერად შეიქმნა.

 

2014 წელს, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შემდეგ, საქართველო  ჩაერთო პროგრამაში კულტურის ქვეპროგრამის მიმართულებით. რაც შეეხება მედია ქვეპროგრამას, აუდიოვიზუალური დირექტივის არქონის გამო, საქართველო ნაწილობრივ არის ჩართული მასში და არსებული 14 დაფინანსების სქემიდან (კონკურსიდან) ქართველ აპლიკანტებს საშუალება აქვთ მხოლოდ 4 კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვისა, პროგრამაში ჩართვის შემდეგ ქართველ ბენეფიციარებს უკვე აქვთ 280,000 ევროს ოდენობით თანხა მიღებული.

 

 

 

აღნიშნულ კონკურსებში ქართველი აპლიკანტების მონაწილეობა, უმნიშვნელოვანეს 10 კომპონენტში სწორედ იმიტომ იზღუდება, რომ „მაუწყებლობის კანონში“ ცვლილებების შეტანა არ განხორციელებულა. აღნიშნულის გამო,  ქართული აუდიოვიზუალური სექტორის წარმომადგენლებს შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა  მიიღონ მონაწილეობა  იმ კონკურსებში, რომლის  ბიუჯეტიც 1,50 მილიარდი ევროა. აღნიშნული შესაძლებლობა ინდუსტრიის განვითარებისა და ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციის მოზიდვის თვალსაზრისით, ძალზედ მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner