logo_geo
eng_logo
ვლადიმერ იმნაძემ ფოთში რეგიონული წარმომადგენლები წარადგინა
- +

19 ივნისი. 2019. 18:08

 

 

მიმდინარე წლის 19 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსთან მალხაზ თოფურიასთან ერთად, ქალაქ ფოთში, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ახალი თანამშრომლები დავით კვარაცხელია და მერაბ (გია) კორშია წარადგინა.

 

„ფოთს ძალიან ბევრი ვეტერანი ჰყავს და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მათ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები. ვეტერანებს, პირველ რიგში, სჭირდებათ ყურადღება, რომელიც ისედაც ეკუთვნით. თქვენთვის ვეტერანების საკითხებზე მუშაობა ახალი არ არის, ახლა უკვე სახელმწიფოც გიმაგრებთ ზურგს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მეშვეობით. იმედი მაქვს, მხარში დავუდგებით ერთმანეთს და ერთობლივად, ეტაპობრივად გადავწყვეტთ ყველა იმ პრობლემას, რაც ჩვენი ვეტერანების წინაშე დგას“, - მიმართა ვლადიმერ იმნაძემ ახალ თანამშრომლებს.

 

კანდიდატების წარდგენა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა. ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, რეგიონულ წარმომადგენლებს და ვეტერანებს თანადგომას, თანამშრომლობას და დახმარებას დაჰპირდა.

 

„კიდევ ერთხელ გამოვხატავ პატივისცემას თქვენი ორგანიზაციის და თითოეული ვეტერანის მიმართ. დარწმუნებული ვარ, კარგი შედეგები გვექნება. მინდა, ჩემი კოლეგების, მეგობრების სახელით, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, სრული მხარდაჭერა აღგითქვათ“, - განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

 

შეხვედრაზე რეგიონში მცხოვრები ვეტერანების წინაშე მდგარი საჭიროებები განიხილეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

 

„გვინდა, რომ რეგიონში მცხოვრები ვეტერანების პირობები გაუმჯობესდეს, რომ ჩვენი ვეტერანები თავს კარგად გრძნობდნენ. ეს არის ჩვენი მთავარი სურვილი და მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის“, - განაცხადა დავით კვარაცხელიამ.

 

„დიდი ხანია ვეტერანების პრობლემებზე და საკითხებზე ვმუშაობ. ჩემი ოცნება იყო, მეზრუნა ჩვენს ვეტერანებზე. დღეს მე ამის შესაძლებლობა მომეცა და მე ამას მთელი გულით გავაკეთებ“, - განაცხადა მერაბ (გია) კორშიამ.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი რევაზ გაბუნია, ფოთის მერის მოადგილეები კონსტანტინე თოფურია და პაატა ლაგვილავა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მაია მაკალათია, დევნილთა განყოფილების უფროსი ირაკლი ლეჟავა  და ადგილობრივი ვეტერანები.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner