logo_geo
eng_logo
მანუჩარ ხუბულავა: ჩვენი ცეკვები გამოირჩევა ურთულესი ტექნიკური ილეთებით
- +

14 აგვისტო. 2012. 11:15


„Fire of Anatolia"-მ მექსიკასა და კორეაში ტურნე გამართა, სადაც რამდენიმე შოუ დაიდგა. შოუში ქართველი სოლისტი მანუჩარ ხუბულავაც იღებდა მონაწილეობას. როგორც ქართველი მოცეკვავე აცხადებს, კონცერტებმა ანშლაგით ჩაიარა.


„ტურნე გვქონდა მექსიკასა და კორეაში. თავიდან ჩავფრინდით სამხრეთ კორეაში, ქალაქ სეულში. ჩავატარეთ 3 შოუ SEJONG CENTER-ში, რომელმაც, ვფიქრობ, წარმატებულად ჩაიარა. თუმცა მინდა გავიხსენო ერთი ფაქტი, პრემიერის დროს მაყურებელი არ გამოირჩეოდა დიდი ოვაციებით, რაც ჩვენთვის უჩვეულო და ერთობ მოულოდნელიც კი იყო. რადგანაც, მოგეხსენებათ, ჩვენი ნომერი თავიდანვე იქცა „FIRE OF ANATOLIA"-ს ერთგვარ სავიზიტო ბარათად, რადგან გამოირჩევა ურთულესი და ეფექტური ტექნიკური ილეთებითა და შესრულებით. ყველა გასტროლის დროს ჩვენი ნომერი განსაკუთრებულ მოწონებას, ემოციებს და ოვაციებს იმსახურებს. ჩვენს მიერ შესრულებულ ცეკვაში ნათლად ჩანს თითოეული ჩვენგანის დიდი შრომა, საშემსრულებლო ინდივიდუალიზმი და ქართული მებრძოლი ხასიათი. სწორედ ამიტომ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა დასის წევრები შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: „სანერვიულო არაფერია, ქართველებსაც კი არ დაუკრეს სათანადო ტაში. მიუხედავად ამ ფაქტისა, წარმატებული ტურნე გამოგვივიდა", - აცხადებს ხუბულავა.


გარდა ამისა, ქართველი მოცეკვავე მექსიკაში არაერთ ადგილობრივ ტელეგადაცემაში მიიწვიეს, სადაც ეროვნული ცეკვის პოპულარიზაცია მოახდინა.


„10 მოცეკვავე (5 ქართველი და ხუთი თურქი) გავემგზავრეთ ქალაქ მეხიკოში. სადაც 7დღის განმავლობაში ინტენსიურად ვიღებდით მონაწილეობას სხვადასხვა ტელეშოუებში. თითქმის ყველა დილის გადაცემაში ჩვენი ნომრის დასრულების შემდეგ, წამყვანებს პირდაპირ ეთერში ვასწავლიდი ქართულ ცეკვას. მოგვიანებით შემოგვიერთდა დასის დანარჩენი 70 წევრი და მეხიკოში, გვადალახარასა და მონტერეიში გავმართეთ 8 კონცერტი, რომელიც 40 000 ზე მეტმა მაყურებელმა იხილა. და ტურნე დავასრულეთ სეულისგან განსხვავებით, ჩვენთვის ჩვეული უხვი ოვაციებით", - განაცხადა მანუჩარ ხუბულავამ.






ავტორი: ანი ნიქაბაძე

right_banner
არქივი
right_banner