logo_geo
eng_logo
კამანის ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა
- +

5 ივლისი. 2019. 14:43

 

 

26 წლის წინ, აფხაზეთში, სოფელ კამანში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. აფხაზურმა რაზმებმა, რომელთა შემადგენლობაშიც რუსი „ბოევიკები“ და კაზაკები შედიოდნენ, 2 ივლისს, ტამიშში დესანტის გადმოსხმის და 1993 წლის 5 ივლისს, გუმისთაზე შეტევის შემდეგ, დაიკავეს მაღალმთიანი სოფელი კამანი, რომელიც ცნობილი იყო წმ. ვასილისკოს სახელობის მონასტრით. სოფელში, ძირითადად, სვანები სახლობდნენ, რომელთაც 1992 წლის აგვისტოში, ომის დაწყებისთანავე შექმნეს მცირერიცხოვანი საბრძოლო ჯგუფი, რომელსაც სათავეში ზაზა პაკელიანი ჩაუდგა.

იმ პერიოდისთვის 23-ე ბრიგადა არ არსებობდა, კამანის მებრძოლთა ჯგუფი ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონის მზვერავთა ასეულში ირიცხებოდა. შემდგომ კი 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის მესამე ასეულად ჩამოყალიბდა.

 

1993 წლის 5 ივლისის ფართომასშტაბიანი შემოტევა კამანელებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. წინა დღეს, მტრის დესანტმა სოფელ ახალშენზე და „ზეგანის“ მთაზე განახორციელა შემოტევა. ახალშენი აიღეს, „ზეგანში“ დესანტი დასხეს, მაგრამ ძლიერი წინააღმდეგობის გამო, დამატებითი ძალები არ დაახმარეს.

 

ქართველებმა ერთი ვერტმფრენი იმ დროს ჩამოაგდეს, როცა დესანტი მიწაზე ეშვებოდა. ამ დესანტიდან უკან გამობრუნებული ერთ-ერთი მებრძოლი კამანელებმა ტყვედ აიყვანეს. კამანელებმა ტყვე აიძულეს, ინფორმაცია მიეცა და გაირკვა, რომ ზემო ეშერაში განლაგებული იყო გენერალ ლებედის სპეცდანიშნულების 1500-კაციანი რაზმი, რომელიც მეორე დღეს, 5 ივლისს, სამად დაიყოფოდა და მასშტაბური იერიშით აიღებდა კამანს, შემდეგ შრომას და იქ დაიკავებდა პოზიციებს. შრომა მაღლობზეა და შრომის აღების შემდეგ სოხუმის აღება ძალიან ადვილი გახდებოდა.

 

ამ ვითარებაში, კამანელებისთვის სოფელში დარჩენა სიკვდილის ტოლფასი იყო, თუმცა, არც ერთ მათგანს უფიქრია გაქცევა, პირიქით, მებრძოლებს მათი მეუღლეები, დები გვერდით დაუდგნენ და ბრძოლაში მათ ტოლს არ უდებდნენ. „ტაძრის ეზოში ქალი შერბის, სამხედრო ფორმა აცვია. მდევარი გზას უღობავს. ქალი ხელიდან უსხლტება. ცდილობს, სამრეკლომდე მიაღწიოს. მიშველეთო_გული ყელში ებჯინება. ბოევიკების ფეხის ხმა და ქოშინი გარკვევით ესმის. სამრეკლოსთან ძალა ელევა. გრძნობს, მკლავში სწვდებიან...ოღონდაც ტყვეობა არა! ფიქრობს... ქალი ჯიბიდან ხელყუმბარას იღებს. სანამ მდევრები გონს მოსვლას მოასწრებენ, ყუმბარა სკდება. აფეთქების ადგილას ხუთი გვამია: ბოევიკების და მერი პაკელიანის!“ - ასე იხსენებენ კამანელი ქალბატონის, მერი პაკელიანის გმირობის ამბავს!

 

მტერმა არც მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ანდრია (ყურაშვილი) დაინდო; მტრის კითხვაზე - ვისია ეს მიწაო, რომელზედაც აფხაზები ელოდნენ პასუხს -ქართველებისო, მამაომ უპასუხა: „ეს მიწა ღვთისააო“, რის გამოც იგი ეკლესიის ეზოში სიცოცხლეს გამოასალმეს! მათ არც მონასტრის აღმდგენი, ეროვნებით აფხაზი, სამაგალითო მამულიშვილი, იური (გიორგი) ანუა დაინდეს - კონდახის ცემით გამოიყვანეს ტაძრიდან და სადღაც წაიყვანეს, მის მერე იგი არავის უნახავს. ანუას ოჯახიც- მეუღლე, დღეს უკვე მონაზონი მარიამი და ქალიშვილი მანანა, ტყვეობაში ჰყავდათ, ამავე ეკლესიაში. რამდენიმე თვის შემდეგ, ოჯახის წევრებმა მხოლოდ თბილისში შეიტყვეს, რომ ანუა დაუხვრეტიათ.

კამანში იყო ხანდაზმულთა და ინვალიდთა პანსიონატის ორსართულიანი, კაპიტალური კორპუსი, რომელიც კამანელებმა გამოიყენეს, როგორც შტაბი და ყაზარმა. ამ კორპუსის კიბეებიდან უტევდა მტერი დერეფნის ბოლოში გამაგრებულ კამანელებს. თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, კამანელებმა ზ.პაკელიანმა, ჯ.გადრანმა, გ. გულედანმა, თ.ჩხეტიანმა, ვ.მუშკუდიანმა, ა.გვიჩიანმა, ს.მუშკუდიანმა, ვ. ჩხეტიანმა,მ. კახიანმა, სვანეთიდან ჩამოსულმა ზ.აფრასიძემ და სხვებმა საკუთარი სოფლის შენარჩუნება ვერ შეძლეს...

 

აფხაზებმა სოფელში გადარჩენილი ქართველები ტყვედ აიყვანეს.

 

ტყვეთა შორის დაჭრილი კახიანის გარდა კიდევ ორი მამაკაცი იყო - ვალო ჩხეტიანი და სერგო მუშკუდიანი, რომლებიც აფხაზებს ყოველ დილით გაჰყავდათ და ჩვენს დაღუპულ ბიჭებს ასაფლავებინებდნენ. უკან მობრუნებულებს, ტყვედ მყოფი ქალები ეკითხებოდნენ, ვინ ნახეთ, ვინ დაასაფლავეთო, ისინი კი დუმდნენ, ხან ატყუებდნენ, ვერ ვიცანითო, ან იქ მყოფთა ნათესავებს არ ასახელებდნენ, რადგან ზოგი მათგანის შვილები მიაბარეს მიწას!..

 

კვირის ბოლოს, 11 ივლისს ჯერ ვლადიმერ კახიანი გაიყვანეს, შემდეგ - ვალო ჩხეტიანი და სერგო მუშკუდიანი…

 

გადმოსვენების დღეს კამანელებს ეს სამი ადამიანი დაუსაფლავებელი დახვდათ… აფხაზებმა დახვრიტეს და დატოვეს. ზაზა პაკელიანის ცხედარი კორპუსიდან ორასიოდე მეტრში ბერძენ მოხუც ცოლ-ქმარს უნახავს და თავიანთ ეზოში დაუსაფლავებიათ, რის გამოც აფხაზებმა ეს მოხუცი კაციც დახვრიტეს. ზაზასთან ერთად გადმოსული თამაზ ჩხეტიანის გვამი ნაპოვნი არ არის! აფხაზების თქმით, ერთ-ერთი სახლიდან მთელი დღის განმავლობაში ისროდა ვიღაცა, ბოლოს სახლი აუფეთქებიათ…

 

ასე ტრაგიკულად დასრულდა კამანის და კამანელი გმირების ისტორია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner