logo_geo
eng_logo
ნინო ნიჟარაძის ადვოკატი: თუ დომინანტი პარტნიორები გვარამიას არ გადააყენებენ, დავრწმუნდებით, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ
- +

10 ივლისი. 2019. 19:00

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში პარტნიორთა კრება იმართება. სხდომაზე ორი საკითხის დაყენება იყო დაგეგმილი. ერთი მათგანი 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის მიერ წარმოებულ სარჩელს ეხება. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ მხარეები შეჯერდნენ, თუ რა კითხვებს და რა დოკუმენტაციას მიაწვდიან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას, რომელმაც დავა უნდა განიხილოს.

 

მეორე საკითხი, როგორც ნინო ნიჟარაძის ადვოკატი ამბობს, „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის მხრიდან არის დაყენებული და პარტნიორებს მოუწოდებს, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დირექტორს, ნიკა გვარამიას მხარი დაუჭირონ.

 

„ჩვენ არათუ ვაპირებთ გვარამიას საქმიანობის დადებითად შეფასებას, არამედ დავაყენებთ საკითხს მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით. მიგვაჩნია, რომ განცხადებები, რომელიც გიორგი გაბუნიას ეთერში გაკეთდა, გვარამიასთან შეთანხმებული იყო. ასე რომც არ ყოფილიყო, დირექტორის ქმედება არ არის მომხდარის შესაბამისი და ეს არხის იმიჯს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. იმიჯის დაზიანება თავის მხრივ ციფრებშიც აისახება და ამით პარტნიორები, წესით, კმაყოფილნი არ უნდა იყვნენ. თუ დომინანტი პარტნიორები ნიკა გვარამიას არ გადააყენებენ, დავრწმუნდებით ჩვენს ეჭვებში, რომ ისინი ყველანი ერთად, კომპანიის ინტერესების მიღმა შეთანხმებულად მოქმედებენ“, - აცხადებს გიორგი ყავლაშვილი.

 

როგორც ცნობილია, ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე სასამართლოში დავობს და არხის ხელმძღვანელობას კომპანიისთვის ზარალის გამიზნულად მიყენებაში ადანაშაულებს.

 

კერძოდ, მისი პოზიციაა, რომ სარეკლამო დროის გაყიდვებში შუამავალი კომპანიის ჩართვით „რუსთავი 2“-მა მილიონობით ლარი იზარალა. ამ კომპანიის მიერ გამომუშავებული თანხები კი ტელეკომპანია „მესამე“-ს მოხმარდა, სადაც „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას კომერციული ინტერესი აქვს. ნინო ნიჟარაძე 1.5 მილიონ ლარს კომპენსაციის სახით, ხოლო 26 მილიონი ლარის გადახდას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასარგებლოდ ითხოვს. ნიკა გვარამია ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მეწილეების გამოყენებით ხელისუფლება დამოუკიდებელი არხის ხელში ჩაგდებას და მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს. საქმეს, მხარეთა გადაწყვეტილებით, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები შეისწავლიან.

 https://www.primetime.ge/news/

  

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner