logo_geo
eng_logo
„რუსთავის 2“-ს პაატა სალია უხელმძღვანელებს
- +

18 ივლისი. 2019. 14:16

 

 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ნიკა გვარამიას ნაცვლად, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ხალვაშის განცხადებაშია ნათქვამი.

 

„ბუნებრივია, ამ ეტაზე მთავარი კითხვა, რაც ჩემს მიმართ შესაძლოა არსებობდეს, მდგომარეობს იმაში, თუ რა იქნება ჩემი პირველი ნაბიჯები და როგორ წარმომიდგენია „რუსთავი 2“-ის მომავალი.

 

ამ კითხვაზე საკმაოდ მკაფიო პასუხი მაქვს!

 

არ ვაპირებ, შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული.  არ ჩავერევი „რუსთავი2“-ის ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში.  ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით. ამავდროულად, ვიზრუნებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ყველანაირად ხელს შევუწყობ მათ ამ საქმეში.

 

იმედი მაქვს, რომ კომპანიის თანამშრომლები ადეკვატურად შეხვდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ „რუსთავი2“ იყოს წარმატებული და  პოპულარული არხი.

 

ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით.  მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას - უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია.

 

მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, თანამებრძოლს და პირველ რიგში ჩემს ოჯახს ამ მრავალწლიან ბრძოლაში მხარდაჭერისა და თანადგომისათვის!

 

ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის გამარჯვება. მე, ქიბარ ხალვაშმა, დღეს საბოლოოდ გავიმარჯვე იმ ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის სახელით, ვისაც მოძალადე რეჟიმმა სხვადასხვა დროს წაართვა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომით მოპოვებული ქონება, შეულახა ღირსება!

 

ამ კონტექსტში, არ შემიძლია, პირველ რიგში არ ვახსენო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რადგან მე დღეს მათი სახელითაც გავიმარჯვე.  ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისათვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში, საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი.

 

ამ ეტაპზე რთულია დეტალებზე საუბარი, რადგან პირველ რიგში გასარკვევია, თუ რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ვიბარებთ“, - ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner