logo_geo
eng_logo
ირაკლი ქარსელაძე: ცოტა მიჭირს, სერიოზული კომენტარი გავაკეთო...
- +

15 აგვისტო. 2019. 13:39

 

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ ქვეშეთი-კობის პროექტთან დაკავშირებით რამე კავშირის ხელოვნური ძიება არასერიოზულია.

 

ასე გამოეხმაურა ქარსელაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც სააკაშვილმა ქვეშეთი-კობის პროექტზე აღნიშნა, რომ ესაა ახალი როკის გვირაბი.

 

ქარსელაძემ გაიხსენა, რომ პროექტის განხორციელებას სააკაშვილი თავად გეგმავდა 2012 წელს.

„ცოტა მიჭირს, სერიოზული კომენტარი გავაკეთო. თუ სწორად მახსოვს, 2012 წელს იყო ამ გზის მშენებლობაზე საუბარი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში, ჩვენ საუბარი გვაქვს ამ პროექტის განხორციელების შედეგად, რეგიონის განვითარებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მეტ ჩართულობასა და განვითარებაზე. ამ პროექტის განხორციელების შედეგად ვსაუბრობთ წლობით დაუძლეველი გარემოების, ჩაკეტილი გზის, შეუძლებელი გადაადგილების დაძლევაზე. ვსაუბრობთ, მსუბუქად რომ ვთქვათ, არასახარბიელო საგზაო შემთხვევების სტატისტიკაზე. ამ პროექტით ყველა ეს ჩამოთვლილი საკითხი გვარდება და იქაურობა ვითარდება. აქედან გამომდინარე, ცოტა არასერიოზულია რაიმე კავშირის ხელოვნური ძიება“, – აღნიშნა ქარსელაძემ.

 

მისივე თქმით, აღნიშნულ გზაზე ერთი გვირაბი დევდორაკის სტიქიის შემდეგ უკვე აშენდა.

 

„ის დღეს გვაძლევს შესაძლებლობას, მსგავსი სტიქიის განვითარების შემთხვევაში, იქ ადამიანი აღარ დაიღუპოს და პირიქით, ძალიან უსაფრთხოდ გადაადგილდეს. მსგავსი სტიქიური ადგილები მრავლად გვაქვს და ვისურვებდი, რომ გვქონდეს შესაძლებლობა და საშუალება,  ყველგან, პირველადი საჭიროების მიხედვით ავაშენოთ გვირაბი, ხიდი თუ სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას და სტუმრებს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს და გადაადგილებას არა მარტო უსაფრთხოს, არამედ კომფორტულს გახდის“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

 

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს  გაფორმდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner