logo_geo
eng_logo
ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2“-ის შეძენის მსურველებისთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა დღეს იწურება
- +

19 აგვისტო. 2019. 12:40

 

 

„რუსთავი 2“-ის 100 %-იანი წილის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მიერ ტელევიზიის შეძენის მსურველი პირებისთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა, რა პერიოდშიც მათ შესაბამისი განაცხადი უნდა გააკეთონ, დღეს იწურება.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განუცხადა, „რუსთავი 2“-ის ყიდვის მსურველი ჯერჯერობით ისევ არ გამოჩენილა.

 

„რუსთავი 2“-ის ყიდვით ვინმე რომ დაინტერესებულიყო, საზოგადოება ამას შეიტყობდა, რადგან მას ტელევიზიის ყიდვის სურვილის შესახებ განაცხადი საჯაროდ უნდა გაეკეთებინა“, - განაცხადა სალიამ.

რაც შეეხება საკითხს, იგეგმება თუ არა „რუსთავი 2“-ის გაყიდვისთვის გამოცხადებული 1-კვირიანი ვადის გახანგრძლივება, სალია აცხადებს, რომ ამაზე საუბარი არაა.

 

„ჯერჯერობით მსგავსი რამ არ ყოფილა ხალვაშის მიერ გაცხადებული. სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ვვარაუდობ, რომ ეს ვადა არ გახანგრძლივდება,“ - აცხადებს პაატა სალია.

 

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის გაყიდვის შესახებ განცხადება 12 აგვისტოს გაავრცელა.

 

„გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, კონკურსი უნდა დასრულდეს ერთი კვირის ვადაში,“ - აღნიშნული იყო ხალვაშის განცხადებაში და იქვე ხაზგასმული იყო, რომ ტელევიზიის შეძენაზე მზად იყო დალაპარაკებოდა ყველას, გარდა მიხეილ სააკაშვილისა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner