logo_geo
eng_logo
„ბალტიის ჯაჭვი - 30“ - ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
- +

10 სექტემბერი. 2019. 18:04

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 9 სექტემბერს, გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა „ბალტიის ჯაჭვის“ 30 წლისთავს.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს შორის გაკეთდა „ცოცხალი ჯაჭვი“, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს „ბალტიის გზას.“ აღნიშნული ღონისძიებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სოლიდარობა გამოხატა ბალტიისპირეთის ქვეყნების მოსახლეობის მშვიდობიანი აქციის მიმართ, ამასთანავე გამოეხმაურა და გააპროტესტა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ღონისძიების მიზანი იყო, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული ხელშეუხებლობისთვის მშვიდობიანი ბრძოლის მნიშვნელობისთვის.

 

ღონისძიება გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც გულითადი მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.

 

„მივესალმები სიმბოლური აქციის - „ბალტიის ჯაჭვის“ ყველა მონაწილეს. დღეს შემთხვევითი ვერ იქნება თქვენი აქ ყოფნა და თქვენი მონაწილეობით ჩვენს უნივერსიტეტში ხელიხელჩაკიდებული დგომა. დღეს აქ, ამ სიმბოლური ჯაჭვით გაივლო ფასეულობების ჯაჭვი ისევე, როგორც 30 წლის წინ. მეგობრობის, სოლიდარობის, ერთსულოვნების, სახელმწიფოებრივი აზროვნების, თავისუფლებისკენ სწრაფვის, იდეისადმი ერთგულების, თანხმობის სიმბოლო იყო თქვენი მაშინდელი ერთობა და დღევანდელი ჩვენი ხელიხელჩაკიდებული დგომაც ამ პათოსითაა განმსჭვალული და აღსავსე“, - განაცხადა ხონელიძემ.

 

თავის გამოსვლაში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა: „დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ „ბალტიისპირეთის გზის“ პატივის მიგებისთვის. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. ეს იყო იმის მაგალითი, თუ ადამიანები გაერთიანდებიან და აქვთ მიზანი, თუნდაც იყვნენ შეუიარაღებლები, შეუძლიათ ბოროტების, იმპერიებისა და ყველანაირი აგრესიის დამარცხება. შეუძლიათ შემოინახონ ის მნიშვნელოვანი ღირებულებები და იდეები, როგორიც არის დამოუკიდებლობა. ამ ღონისძიების შემდეგ, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი თავისუფლები იქნებოდნენ“.

 

ღონისძიების საპატიო სტუმარი იყო ლატვიის პრეზიდენტი ( 2007-2011წწ) ვალდის ზატლერსი, რომელმაც ემოციური სიტყვებით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის რექტორს, ზურაბ ხონელიძეს ასეთი ღონისძიების ორგანიზებისთვის.

 

„ემოციური იყო ჩემთვის, როდესაც დავინახე ჯაჭვი. მან ნამდვილად დამაბრუნა 30 წლის წინანდელ ემოციებსა და მოგონებებში. არ არსებობს ლიეტუვური, ლატვიური თუ ესტონური თავისუფლება ან თუნდაც ქართული თავისუფლება, არსებობს საერთო ღირებულება, როგორც თავისუფლება, რომელიც ყველამ ერთად უნდა შევიგრძნოთ და დავტკბეთ. ლატვია არასდროს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც გარეთ ვნახე. თქვენი არაძალადობრივი დემონსტრაცია შეიძლება იარაღზე ძლიერი იყოს“, – განაცხადა ვალდის ზატლერსმა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები, ამავე საელჩოების დიპლომატიური წრეების, საქართველოში მოქმედი სხვა ქვეყნების საელჩოები, სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლები, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები. ბალტიისპირეთის ქვეყნების მოქმედი და ყოფილი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეები. ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტში მოეწყო ფოტოგამოფენა და დოკუმენტური ფილმის ,,ბალტიის გზა“ კინოჩვენება. როგორც ცნობილია, 1989 წლის 23 აგვისტოს ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოსახლეობამ შექმნა 600 კმ-ის სიგრძის ცოცხალი ჯაჭვი, რომელშიც მონაწილეობდა 2 მლნ.-მდე ადამიანი, რაც იმ პერიოდის ბალტიისპირეთის მოსახლეობის 25 %-ს შეადგენდა. მშვიდობიანი აქციის შედეგად პრაქტიკულად ერთმანეთს დაუკავშირდა რესპუბლიკების დედაქალაქები: რიგა, ვილნიუსი და ტალინი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner