logo_geo
eng_logo
14 სექტემბერი ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეა...
- +

14 სექტემბერი. 2019. 00:25

 

 

 

ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს, თბილისში. მას ბავშვობა უშფოთველი და უზრუნველი ჰქონდა - ოჯახური სითბო, წიგნები, სკოლა და ამხანაგ-მეგობრები, მაგრამ უღრუბლო წლები დიდხანს არ გაგრძელებულა. 9-10 წლისამ დაჰკარგა მშობლები. დაჭაბუკების წლები მშობლიურ სოფელ ხიდისთავში გაატარა (გურია). სტუდენტობის წლებში კვლავ დაუბრუნდა თბილისს.

 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკარში“, იყო სატირული ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი, მწერალთა კავშირის მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე. ბევრ ჭირთამთმენს ბედის სამდურავი სიტყვა არ წამოსცდენია. მისთვის ყველა და ყველაფერი სიკეთის ძალით იზომებოდა.

 

ნოდარ დუმბაძემ პირველი ლიტერატურული წარმატება საბავშვო პოეზიაში მოიპოვა. მას შემდეგ იგი განუყოფელი ნაწილია მწერლობისა, რომლის გარეშე შეუძლებელია ჩვენი ეროვნული ცხოვრების წარმოდგენა. სიცილი ნოდარ დუმბაძის თვითდამკვიდრების ისეთივე ბუნებრივი ფორმაა, როგორც მხედართმთავრისათვის ომი, ან ჩიტისათვის ფრენა. ნანახის, განცდილისა და გადატანილის გამო, ნოდარ დუმბაძემ გულიანად აცინა და კიდეც ატირა მკითხველი. „ხაზარულა“ მხოლოდ კარგი სულის პატრონს შეეძლო დაეწერა. მწერლის შემოქმედებას, მკითხველის გარდა, მაყურებელიც ბევრი ჰყავს. ერთხელ გურამ ასათიანთან უთქვამს: „მე თავისუფლება მინდოდა და სიცილი იმისთვის ავირჩიეო“. ნოდარ დუმბაძის სიცილის მთავარი დანიშნულება სიკეთისათვის კარის გაღებაა.

 

ნოდარ დუმბაძე მზიანი გულით დაიბადა და ვერავითარმა სიდუხჭირემ თუ განსაცდელმა, არამცთუ ვერ ჩააქრო, ვერც კი გაუნელა მას სითბო და სიყვარული ვერც, როგორც პიროვნებას და ვერც, როგორც შემოქმედს.

 

თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა, როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ.

 

ნოდარ დუმბაძის თხზულებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

 

1984 წლის 14 სექტემბერს სიმღერით და სიცილით გამოესალმა წუთისოფელს. მზიანი გულის კაცი მზემ მიაცილა „მზიურამდე", ცრემლითა და გულისტკივილით გააცილა საზოგადოებამ მზიურამდე.

 

„მზიური“ - ბავშვთა ქალაქი, დასვენებისა და კულტურის პარკი ქალაქ თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში. გასული საუკუნის 1970-იანი წლების მიწურულს პრესაში გამოქვეყნდა ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სტატია „ოცნებას კაცი არ მოუკლავს". სტატიაში მწერალი მდინარე ვერეს ხეობაში ბავშვთა ქალაქის მშენებლობაზე ოცნებობდა. პარკის პროექტზე არქიტექტორთა მთელი ჯგუფი მუშაობდა. გაიხსნა 1982 წელს. პარკი მოწყობილია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებთა სიუჟეტის მიხედვით.

 

ნოდარ დუმბაძის მიმართვა ქართველ ახალგაზრდებს (1978 წელი):

 

„მიმართვა ქართველ ახალგაზრდობას!

 

ეს ქვეყანა, თავისი უდიადესი წარსულით, აწმყოთი და მომავლით, მცხეთის ჯვრიდან, იყალთოდან და გელათიდან მოყოლებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით დამთავრებული, თქვენია! თქვენია უდიდესი განძი და მონაპოვარი: სიყვარული და თავისუფლება, რადგან ნერგი ხართ კაცობრიობის მომავლისა. გაუფრთხილდით ამ ნერგს, ჩემო ძვირფასო მეგობრებო!"

 

წყარო: მარინა გოგოლაძე-გაბუნია. - მწერალთა ბიოგრაფიები. - გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“. - თბილისი. - 2004.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner