logo_geo
eng_logo
იმ შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, აღდგენის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც იერ-სახის დამახინჯებას იწვევს, ფინანსურად დასჯადი იქნება
- +

15 სექტემბერი. 2019. 15:36

 

პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას უბრუნდება, რომლის მიხედვით, იმ შენობა-ნაგებობის რემონტის, რეკონსტრუქციის, აღდგენის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერ-სახის დამახინჯებას იწვევს, ფინანსურად დასჯადი იქნება.

 

ამ მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პარლამენტს “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები შესთავაზა. მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს 17 სექტემბრის სხდომაზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს.

 

პროექტის მიხედვით, იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების, რეკონსტრუქციის, აღდგენის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერ-სახის დამახინჯებას იწვევს, რომელიც საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში მდებარეობს, რომელსაც დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარეშე მომზღუდავი ან მზიდი კონსტრუქციები, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 200-დან 5000 ლარამდე, შენობა-ნაგებობის მდებარეობის მიხედვით.

 

სანქცია არ გავრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზე, ასევე არ გავრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც საცხოვრებელი მიზნით გამოიყენება.

 

ამასთან, პროექტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დაეკისრება ვალდებულება, მესაკუთრეს მითითება მისცეს, რომლითაც დარღვევის გამოსასწორებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს. განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო შემოწმების აქტს შეადგენს. თუ დარღვევა განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდა, მესაკუთრეს ჯარიმა დაეკისრება.

 

როგორც მთავრობა განმარტავს, პროექტის მიღების შემთხვევაში, შემცირდება ავარიული და უსახური შენობა-ნაგებობების რაოდენობა, რაც თავის მხრივ, ქვეყანას ტურისტული თვალსაზრისით უფრო მიმზიდველს გახდის. მათივე განმარტებით, ამგვარი შენობების შემცირება მოსახლეობის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათი მდგომარეობის გათვალისწინებით, ისინი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების რისკის მატარებლები არიან.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner