logo_geo
eng_logo
სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს მუშაობა
- +

19 სექტემბერი. 2019. 19:17

 

 

საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ დადებითად არის შეფასებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მუშაობა, პენიტენციური სისტემის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გათვალისწინებით.

 

ანგარიშის მიხედვით, მისასალმებელია დიდი პენიტენციური დაწესებულებების მცირე დაწესებულებებად დაყოფის გეგმა, დაბალანსებული ინფრასტრუქტურის შექმნის სტრატეგიის შემუშავება და ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები იუსტიციის სამინისტროს მიერ.

 

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში 2017 წელს განხორციელებული სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება 2018 წელს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. ასევე, ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელებული სარეაბილიტაციო პროგრამების ნაწილის განხორციელება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში 2017 წელს განხორციელებული რამდენიმე პროგრამის განხორციელება 2018 წელს განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში.

 

სახალხო დამცველის აპარატი მიესალმება პენიტენციურ დაწესებულებებში პირობების გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს. კერძოდ:

 

დადებითად ფასდება №7 და №12 დაწესებულებების დახურვა და იქ მყოფი პატიმრების სხვა, განახლებულ დაწესებულებაში გადაყვანა; №14 დაწესებულებაში ე.წ. ბარაკული ტიპის საცხოვრებელის გაუქმება, აგრეთვე, ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის მაცივრით სარგებლობის უფლების მინიჭება; №5 დაწესებულებაში სასათბურე მეურნეობისა და ბამბის გადამამუშავებელი საამქროების მოწყობა;

 

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნა წლების მიხედვით მცირდება.

 

დადებითადაა აღნიშნული, რომ არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, 2018 წლის ნოემბერში სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ხელშეკრულება გააფორმა ნუტრიციოლოგთან; დადებითად აღინიშნება ისიც, რომ 2018 წლიდან პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების უმრავლესობა უზრუნველყვეს სამედიცინო დაზღვევით;  მისასალმებელია №5, №6, №16 და №17 დაწესებულებების პერსონალის უზრუნველყოფა ტრანსპორტირებით.

 

„ზემოთ ჩამოთვლილი პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, პენიტენციური სისტემა საჭიროებს მნიშვნელოვან ძირეულ რეფორმებს, რომლთა მიზანიც იქნება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, მსჯავრდებულის ქცევის პოზიტიური ცვლილებისკენ, რეაბილიტაციისა და შესაბამისად, საზოგადოებაში რეინტეგრაციისკენ მიმართული სისტემის განვითარება. ამ მხრივ, მისასალმებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წელს დამტკიცებული პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019- 2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც მნიშვნელოვნადაა ასახული სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციები. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული გეგმის განხორცილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პენიტენციური სისტემის განვითარებაში“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner