logo_geo
eng_logo
დიმიტრი ცქიტიშვილი: შრომის უფლებების დაცვის სტანდარტი უნდა ავწიოთ და ბიზნესსექტორში თამაშის სამართლიანი წესები შევქმნათ
- +

20 სექტემბერი. 2019. 23:22

 

„შრომის უფლებების დაცვის სტანდარტი უნდა ავწიოთ და ბიზნესსექტორში თამაშის სამართლიანი წესები შევქმნათ, საქართველოში შრომითი უფლებების დაცვა კომპანიების კეთილი ნებიდან კი არ უნდა გამომდინარეობდეს, არამედ კანონით იყოს უზრუნველყოფილი“, – ამის შესახებ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

 

გადაცემაში შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებული სადაო საკითხები განიხილეს, რომელმაც კერძო სექტორის კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკოსების მხრიდან გამოითქვა აზრი, რომ სადაო ცვლილებები არა მხოლოდ დამსაქმებლებს, არამედ დასაქმებულებსაც დააზარალებს.

 

ცქიტიშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების პროექტი ჯერ მხოლოდ პირველი ვერსიაა და იქ ჩადებული ცვლილებები საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება, რაც თავის მხრივ, ადამიანის შრომითი უფლებების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

 

„ცვლილებების ძირითადი პუნქტებია დისკრიმინაციული საკითხების აკრძალვის დაზუსტება, დეკრეტული შვებულების უფრო მაღალი სტანდარტის შემოღება, სამუშაო დროის უკვე კანონში არსებული სტანდარტის დაზუსტება, ანუ ზეგანაკვეთური შრომის დაზუსტება და უფრო კონკრეტული მექანიზმების ჩადება იმისათვის, რომ ეს ნაწილი მანიპულირებადი არ გახდეს; დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კონსულტაციების ნაწილი, მასობრივი დათხოვის შემთხვევაში უფლებრივი საკითხების დარეგულირება; სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტაჟირების საკითხი, რომელიც შრომის კოდექსში პირველად ჩნდება. საჯარო სამსახურის შემთხვევაში მთავრობის დადგენილება გვაქვს და იმით რეგულირდება ეს საკითხი, ხოლო შრომის კოდექსში სტაჟირება საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, მას კანონმდებლობა ვერ ხედავდა და მათი უფლებები შესაბამისად, ვერ იქნებოდა დაცული კანონის ძალით. ასევე აღსრულების კონკრეტული მექნიზმები, რომ კანონში ჩადებული მუხლები ფარატინა ქაღალდად არ დაგვრჩეს და იყოს კონკრეტული მექანიზმები, თუ როგორ აღსრულდეს. ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ შრომის სახელმწიფო ინსპექციის დამოუკიდებელი ინსტიტუტი შეიქმნეს, რომელიც შრომის უფლებებისა და სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა კომპანიის ტოტალური კონტროლი მოხდება, რადგან რიცხობრივად თეორიულადაც კი შეუძლებელია იმდენი ინსპექტორი იყოს, რომ ყველა კომპანია შეამოწმოს. მაგრამ არის გარკვეული პრევენციული მექანიზმების, სტანდარტების დადგენის წესი და შრომის ინსპექციის მიერ მოულოდნელი შემოწმების ეფექტი, რომელმაც შრომის უფლებების დაცვა ყველა კომპანიაში უნდა უზრუნველყოს“, – განმარტა ცქიტიშვილმა ცვლილებების არსი.

 

დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ ცვლილებების პროექტის მომზადებაში საერთაშორისო შრომის ორგანიზაციამ და ადგილობრივმა ექსპერტებმაც მიიღეს მონაწილეობა.

 

„პროექტის ინიციატორი მე ვარ და რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის თამარ ხულორდავა, თუმცა პროექტი იურიდიულ-ტექნიკური თვალსაზრისით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა. ამ ორგანიზაციის ექსპერტები ჟენევიდან მოგვეხმარნენ პრინციპების დონეზე ფორმირებაში, ადგილობრივი შრომის სამართლის ექსპერტები ამის ქართულ რეალობაში დანერგვაში მოგვეხმარნენ. მთავარი აქ ის არის, რომ შევიმუშავეთ უხეში პროექტი, რომელშიც ასახულია 11 ევროპული დირექტივა, რომლის შესრულების ვალდბულება ასოცირების ხელშეკრულებით გვაკისრია“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

დეპუტატმა აღნიშნა, რომ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე უმრავლესობაში ჰქონდათ საუბარი და კონსულტაციები სამინისტროებთანაც მიმდინარეობს.

 

„დეტალურად შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ უმრავლესობაში ამაზე საუბარი გვქონია. გვქონდა ასევე საუბარი ჯანდაცვის, ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროსთან. ვერ ვიტყვი, რომ ყველა 100 პროცენტით გვეთანხმება, მაგრამ დისკუსიის ფორმატი სწორედ მაგას ნიშნავს, რომ თუ რამეში არ ვთანხმდებით, კომენტარები გავიზიაროთ და საჭიროების ადაპტაცია მოვახდინოთ“, – განმარტა ცქიტიშვილმა.

 

მისი აზრით, შრომის უფლებების სტანდარტის დაზუსტება აუცილებელია თუნდაც კერძო სექტორში სამართლიანი თამაშის წესების დამყარების მიზნით, რადგან არსებობენ არაკეთილსინდისიერი კომპანიები, რომლებიც კეთილსინდისიერ კონკურენტებთან მიმართებაში უპირატესობას სტანდარტების დარღვევის ხარჯზე იღებენ.

 

„ორი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია დასაცავი: ერთი მხრივ უნდა დავიცვათ შრომის უფლებები და გავაძლიეროთ, რომ ჩვენ დეკლარირებული შრომითი უფლებების დაცვის რეალური მექანიზმები გვქონდეს. მეორე მხრივ, ბიზნეს სექტორი მნიშვნელოვნად არ დაზარალდეს და რაც მთავარია, შევქმნათ ბიზნესსექტორში თამაშის სამართლიანი წესები. დარწმუნებული ვარ და ვიცი კიდევაც, რომ ძალიან ბევრი კომპანია საქართველოში იმ სტანდარტებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, საკუთარი ნებით ახორციელებს. მაგრამ ბაზარზე ასევე არსებობენ კომპანიები, რომლებიც ამას უგულებელყოფენ და კეთილსინდისიერი კომპანიების მიმართ გარკვეულ კონკურენტულ უპირატესობას იღებენ. მათი შანსები უნდა გავათანაბროთ არა იმით, რომ დავწიოთ სტანდარტი, არამედ იმით, რომ ყველასთვის ავწიოთ. ადამიანის უფლებების დაცვა კომპანიის კეთილ ნებაზე კი არ უნდა იყოს, არამედ კანონმა უზრუნველყოს“, – განუცხადა ცქიტიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner