logo_geo
eng_logo
თამარ ხულორდავა ევროპარლამენტის ყოფილ წევრთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

30 სექტემბერი. 2019. 16:55

 

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევროპარლამენტის ყოფილ წევრთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებსა და საპარლამენტო საქმიანობაზე.

 

„საქართველოს სწრაფვა, გაწევრიანდეს ევროპულ სტრუქტურებში, არის არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტი, რაც გათვალისწინებულია ყველა სახელმწიფო ორგანოს დღის წესრიგში“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

 

მისი თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის როლი, რადგან კომიტეტს გარკვეულწილად, მაკონტროლებელი ფუნქციები გააჩნია.

 

„გარდა იმისა, რომ კომიტეტი ამოწმებს კანონპროექტების შესაბამისობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, პარალელურად თანამშრომლობს დარგობრივ კომიტეტებთან, ზედამხედველობს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას ევროინტეგრაციის მიმართულებით კანონმდებლობის აღსრულებას, აწარმოებს თემატურ მოკვლევას“, - აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

შეხვედრისას, თამარ ხულორდავამ პარლამენტის გაძლიერების მნიშვნელობაზე და მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა, რამაც სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ასოციაციის წევრები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ მმართველი გუნდი მზადაა მომავალი არჩევნებისთვის დათმოს სისტემა, რომელიც მისი აშკარა უპირატესობის გარანტიაა და გადავიდეს ახალი ტიპის საარჩევნო სისტემაზე.

 

„ეს ცვლილება უფრო მრავალფეროვანი პარლამენტის გარანტი იქნება, სადაც საზოგადოების ყველა ჯგუფს ექნება შესაძლებლობა სათანადოდ გააჟღეროს საკუთარი ხმა“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი და იქ არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა.  კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ადგილზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ჩართულობასა და იმ პრობლემებზე, რომელიც რუსული მხარის გამო მისიას საქმიანობისას ექმნება, განსაკუთრებით, საოკუპაციო ხაზს მიღმა მანდატის განხორციელების შეუძლებლობა.

 

ყოფილი ევროპარლამენტარები დაინტერესდნენ საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოვების პროცესით, ეკონომიკური რეფორმების პროგრესით და ასევე, საქართველოში არსებული მედია გარემოთი.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს ის ვალდებულებები და პროგრესი გააცნო, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მიმართულებით გვაქვს.

 

„ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცვლილებებით, მედიაგარემო შესამჩნევად მრავალფეროვანი გახდა, რაც პირველ რიგში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით იყო განპირობებული. შედეგად, დღეს მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს წვდომა ჰქონდეს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროსთან“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner