logo_geo
eng_logo
გურამ ნიკოლაშვილი: საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია გერმანიის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყნის მხარდაჭერა
- +

7 ოქტომბერი. 2019. 19:29

 

 

„გერმანიის პრეზიდენტი დადებითად გამოეხმაურა რუსეთთან დიალოგის ფორმატების გაფართოების საკითხს“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

გურამ ნიკოლაშვილის თქმით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი ლოგიკური გაგრძელებაა დასავლელ პარტნიორებთან მიმდინარე ინტენსიური ურთიერთობებისა და ბოლო პერიოდში გამართული მაღალი დონის შეხვედრების ციკლისა. მან, ასევე, განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთვის ისტორიულად განსაკუთრებული ქვეყანა და ჩვენი აქტიური მხარდამჭერია:

 

„სულ ახლახან, ბათუმში NATO-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი გაიმართა, NATO-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერიც ეწვია. გერმანია ისტორიულად განსაკუთრებული ქვეყანაა საქართველოსთვის. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ის ჩვენი აქტიური მხარდამჭერია. ორმხრივი ურთიერთობები ბოლო წლებში კიდევ უფრო გააქტიურდა. საქართველოს ეწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი, ახლა კი პრეზიდენტი შტაინმაიერი. გერმანიის პრეზიდენტი აქტიურ ფიგურას წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობებში. მისი გვარი განსაკუთრებით აქტიურად ბოლო პერიოდში, უკრაინის ტერიტორიული კონფლიქტის კონტექსტში გაჟღერდა. საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია გერმანიის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყნის მხარდაჭერა. მისი როლი საკვანძოა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის განხორციელების პროცესში, ასევე ქვეყნის განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე.

 

ორ ქვეყანას შორის, განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებში მიმდინარეობს. გერმანიის პრეზიდენტი საქართველოში ეკონომიკური გუნდის თანხლებით იმყოფება. ყველაზე საინტერესო იყო მისი კომენტარი საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით. შტაინმაიერის განცხადებით, „ამას სჭირდება ხანგრძლივი და გრძელვადიანი, მოთმინებასთან დაკავშირებული მოქმედებები“. მისი თქმით, სხვა რაიმე განსაკუთრებული და სპეციალური წინადადება მას არ ჩამოუტანია, რაც ნიშნავს რომ ამ ეტაპზე შტაინმაიერის ფორმულა საქართველოსთვის არ არსებობს. ამასთანავე, იგი დადებითად გამოეხმაურა რუსეთთან დიალოგის ფორმატების გაფართოების საკითხსაც. გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს წინასწარ დაგეგმილი საპასუხო ვიზიტით ეწვია და შეხვედრები გამართა საქართველოს ყველა მაღალი თანამდებობის პირთან“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner