logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არასწორია ინფორმაცია, თითქოს 27 000 ტაქსის მძღოლი დარჩა უმუშევარი
- +

9 ოქტომბერი. 2019. 00:19

 

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, 27 ათასი ტაქსის მძღოლი დარჩა უმუშევარი.

 

მერის თქმით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რეგისტრაციის 27 000 მსურველიდან, ავტომობილების 30%-მა ვერ გაიარა სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება. იმ შემთხვევაში, თუ ტაქსის მფლობელები მოაწესრიგებენ თავიანთ ავტომობილებს, თბილისის მერი მათ ჰპირდება, რომ ამ სფეროში მუშაობას განაგრძობენ. 

 

როგორც კახა კალაძემ გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა, ავტომობილის ტექდათვალიერების გავლას მძღოლს კანონი ავალდებულებს და აქ, მერიის ტაქსების რეფორმა არაფერ შუაშია.

 

"გაუმართავი ავტომობილებით არა თუ მგზავრი არ უნდა გადაჰყავდეთ, თავად მეპატრონეებიც არ უნდა მოძრაობდნენ. ყველას გვაწუხებს რა მდგომარეობა გვაქვს ქალაქში ჰაერის დაბინძურების მხრივ. ყოველწლიურად 5-6 %-ით იზრდება იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა. ის მძღოლები, ვისაც გაუმართავი ავტომობილები ჰყავდათ, ისედაც ვერ შეძლებენ ქალაქში გადაადგილებას", - აცხადებს კახა კალაძე. 


​რაც შეეხება იმას, თუ კატეგორიების მიხედვით როგორ გადანაწილდა ტაქსები, კალაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის A კატეგორიაში დაახლოებით 7 500-მდე ტაქსის მძღოლია დარეგისტრირებული, ხოლო B კატეგორიაში 8 850 -მდე. ტაქსის მფლობელებმა ასევე სრულად არ გამოიყენეს სალონების წმენდის ვაუჩერები.

 

"მობრძანდნენ და მოაწესრიგონ თავიანთი ავტომობილები. ეს არ არის მკაცრი რეგულაციები, ჩვენ დავაწესეთ შესაბამისი სტანდარტები, რომელიც ცნობილი იყო ტაქსის ყველა მძღოლისთვის. ჩვენი დაწესებული სტანდარტები არის ქვეყანაში არსებული რთული სოციალური ფონის შესაბამისი. რეფორმის მიზანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამ სფეროში სტაბილური დასაქმების ბაზრის განვითარება, ქალაქის ვიზუალური სახის გაუმჯობესება", - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner