logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: რუმინეთის პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას
- +

10 ოქტომბერი. 2019. 14:27

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მარიამ ჯაშის, ისკო დასენის და სიმონ ნოზაძის წარმომადგენლობით, რუმინეთის სენატსა და დეპუტატთა პალატაში მაღალი რანგის შეხვედრები გამართა.

 

საქართველოს დელეგაცია შეხვდა დეპუტატთა პალატის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს სორინ მიხაი კიმპეანუს; სენატის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს ლივიუ მარიან პოპის; რუმინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ვიცეპრეზიდენტს ლასლო-ოდონ ფეჟერს; ეკონომიკური პოლიტიკის, რეფორმებისა და პრივატიზაციის კომისიის მდივანს ჯორჯ გაბრიელ ვისანს, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრს კორნელიუ მუგურელ კოზმანჩიუსს და სენატის კულტურის, ხელოვნებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კომიტეტის თავმჯდომარეს ლუჩიან რომაშკანუს.

 

შეხვედრაზე რუმინულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერა და ორ ქვეყანას შორის მზარდი ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობის მიზნები.

 

სენატი და დეპუტატთა პალატა მხარს დაუჭერს ქართველი სტუდენტების რუმინეთში სწავლისათვის უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნას და დაიწყება დიალოგი თბილისში რუმინული კულტურის ინსტიტუტის გახსნაზე.

 

„რუმინეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე განვიხილეთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და მასმედიის მიმართულებებით მოქმედი კანონმდებლობა და კონკრეტული ინიციატივები. ყველა მაღალი რანგის შეხვედრამ დაადასტურა, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს პარლამენტში რუმინეთთან მეგობრობის ჯგუფი, რომელსაც ბატონი ისკო დასენი ხელმძღვანელობს“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

 

„საქართველო-რუმინეთის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ამ ნიშნულზე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროები ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ დონეზე აყვანას გეგმავენ“, - აღნიშნა ისკო დასენმა.

 

„რუმინეთთან 300 წლის კულტურული ურთიერთობა აკავშირებს საქართველოს. აღნიშნული ვიზიტით ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რაოდენ აფასებს რუმინელი ხალხი და ეკლესია ქართველი მოწამის - ანთიმოზ ივერიელის ღვაწლს. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner