logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: მინდა მივმართო ყველა ქალს, რომელიც განიცდის ჩაგვრას და დგას ძალადობის რისკის ქვეშ...
- +

15 ოქტომბერი. 2019. 13:52

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა და მათი პრევენციის და აღკვეთის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

 

„ჩემს განცხადებაში მინდა შევეხო დანაშაულის იმ კატეგორიას, რომელიც კრიტიკულად შემაშფოთებელია და რომელსაც ვერ დავამარცხებთ თუ საზოგადოება არ იქნება ერთსულოვანი და სოლიდარული. ვსაუბრობ ოჯახში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგით მთავრდება. ჩვენ მე-9 მოწვევის პარლამენტში ამ გამოწვევის საპასუხოთ, პირველივე დღიდან აქტიური მუშაობა დავიწყეთ. გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში გავზარდეთ საპარლამენტო კონტროლი, შევიმუშავეთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შევიდა „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის“ საქართველოს კანონში. შევიმუშავეთ რეგულაციები სექსუალური შევიწროების

აღმოსაფხვრელად, მოვახდინეთ „სტამბულის კონვენციის“ და დამატებითი ოქმის რატიფიცირება, განვახორციელეთ რეფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროში და გავზარდეთ სახალხო დამცველის როლი. მომავალში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დაანონსა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შევა შესაბამისი ცვლილებები და მკვლელობისთვის სანქციები გამკაცრდება. ცხადია ეს ცვლილებები ოჯახში ქალთა და გოგონათა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე პროპორციულად აისახება, მაგრამ როგორც არ უნდა გავამკაცროთ კანონი, თუ საზოგადოებამ ადექვატურად არ უპასუხა მსგავსი კატეგორიის დანაშაულს, ვითარება რადიკალურად არ შეიცვლება და ჩადენილი მკვლელობებისა თუ ძალადობის გამართლებას მოძალადეები, მათი მეგობრები და მეზობლები „მორალური სარჩელით“ შეეცდებიან.

 

მე მინდა მივმართო ყველა ქალს, რომელიც განიცდის ჩაგვრას და დგას ძალადობის რისკის ქვეშ - როდესაც თქვენ იცავთ საკუთარ უფლებებს, ამით ახდენთ არაერთი დანაშაულის პრევენციას და იცავთ არა მხოლოდ ქალების და გოგოების, არამედ საზოგადოების უსაფრთხოებას. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის პარალელურად საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და სტიგმის გამო თქვენ დამატებით ხდებით ფსიქოლოგიური ძალადობის რისკის ქვეშ. მე მინდა იცოდეთ, რომ სახელმწიფო დგას თქვენს გვერდით და მხოლოდ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ ძალადობისგან თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner