18 ოქტომბერს საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის ოფისში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს-გაერთიანებას - საქართველოს ბიზნეს-ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია გაიმართა; მემორანდუმს ხელი მოაწერეს რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ეს სამეცნიერო სფეროსა და ბიზნესის თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია საქართველოში. მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ სამეცნიერო-აკადემიურ სექტორსა და ბიზნეს-სექტორს შორის ერთობლივი გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობისათვის, ბიზნეს სექტორის სამეცნიერო კვლევებით დაინტერესების კულტურის განვითარებისათვის. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის კვლევების და ინოვაციების პროგრამა - „ჰორიზონტი 2020“ -ის პოლიტიკის მხარდამჭერი სტრუქტურის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას.
მემორანდუმის ფარგლებში მოხდება რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების მიმართულებით გამარჯვებული პროექტების წარდგენა ბიზნეს-კომპანიებისთვის და სამეცნიერო პროექტები, რომელთა კომერციალიზაციაც ეფექტური და მომგებიანი იქნება, ბიზნეს-პროექტებად იქცევა. პოსტსოციალისტური, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაცია, კვლევების დაყვანა კომერციულ ტრანსფერებამდე, მეცნიერებასა და ეკონომიკურ სექტორს შორის თანამშრომლობის გააქტიურება, რაც საბოლოოდ, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
მხარეები ემზადებიან ერთობლივი ღონისძიებისთვის - რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული გამოყენებითი კვლევების, პროექტების პოსტერული გამოფენა- პრეზენტაციისთვის, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება.