logo_geo
eng_logo
საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ინოვაციური ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით „საპარტნიორო ფონდი“ და „USAID-Zrda“ მოსახლეობას ხვდება
- +

18 ოქტომბერი. 2019. 16:53

 

„საპარტნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოსა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს („USAID“) ერთობლივი პროექტით, საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები შეიქმნება. პროექტის ფარგლებში „USAID-Zrda“ გრანტის სახით 500 000 აშშ დოლარს გამოჰყოფს, რომლითაც „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულებს დაფინანსება გაუორმაგდებათ.

 

პროექტის პრეზენტაცია პერევსა და გორში უკვე შედგა. მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს ზუგდიდში გრძელდება. ღონისძიებას მცირე და საშუალო ბიზნესით დაინტერესებული მოსახლეობა, სტუდენტები, დიპლომატიური კორპუსის, „საპარტნიორო ფონდის“, ამერიკის განვითარების სააგენტოსა („USAID“) და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდის ტექნოპარკში მიმდინარეობს.

 

პროექტი სახელწოდებით, „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“, დამწყებ მეწარმეებს საშუალებას აძლევს საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე  106 სოფელში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესები წამოიწყონ, რაც საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.

 

„USAID Zrda“ „საპარტნიორო ფონდისგან“ მიღებულ დაფინანსებას გრანტით უზრუნველჰყობს. ბენეფიციარს მოეთხოვება მინიმალური ფულადი თანამონაწილეობა მხოლოდ 10%-ის ოდენობით, დარჩენილ 90%-ს „სტარტაპ საქართველო“ შეღავათიანი გრძელვადიანი სესხით დააფინანსებს, ხოლო „USAID-Zrda“-ს ბენეფიციარს ჯამურ თანხას  გაუორმაგებს. 

 

ღონისძიების მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ და „USAID Zrda“-ს  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სპეციალისტმა საბა სარიშვილმა მიაწოდეს.

 

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს  ერთობლივ პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება „სტარტაპ საქართველოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე http://startup.gov.ge/geo/home უკვე შესაძლებელია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner