logo_geo
eng_logo
კონსერვატორიის მაგისტრანტი: მანანა დოიჯაშვილი შანტაჟით ცდილობს კონსერვატორიაში პროცესების მართვას...
- +

18 ოქტომბერი. 2019. 17:07

 

 

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის თვითმართველობის ყოფილი პრეზიდენტი სიმონ ჩაჩანიძე, კონსერვატორიაში კულუარული და სისტემური მმართველობის შესახებ და მის ნეგატიურ შედეგებზე „პირველს“ ესაუბრა.

 

მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოადგილე მანანა დოიჯაშვილი 20 წელია თანამშრომლების დაშანტაჟებით და მათზე ზეგავლენის მოხდენით ცდილობს პროცესების მართვას.

 

ჩაჩანიძე მანანა დოიჯაშვილს „მარადიულობის განცდით შეპყრობილ რუხ კარდინალს“ უწოდებს და ამბობს, რომ მასთან ინტერესთა კონფლიქტს ადამიანების ჯანმრთელობაც კი შეეწირა.

 

კონსერვატორიის მაგისტრატურის სტუდენტი ირწმუნება, რომ დოიჯაშვილი წლების განმავლობაში განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭის მქონე ადამიანებს ბლოკავდა და განვითარების საშუალებას არ აძლევდა. დაფასებას კი, მხოლოდ ის ადამიანები იმსახურებდნენ, რომლებიც მის მიმართ უსიტყვო მორჩილებით გამოირჩეოდნენ.

 

„2011 წლიდან, როგორც სტუდენტი და თვითმმართველობის პრეზიდენტი ვმონაწილეობდი პროცესებში და პირადად გამოვიარე ის სირთულეები, რაც მის მმართველობას ახლავს. მას ჰქონდა იმის ძალა, რომ შემოქმედებით მარგალიტებს განვითარების საშუალებას უკრძალავდა. შიში და სამსახურის დაკარგვის საფრთხე იმდენად დიდია, რომ ხვალ, ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც კონსერვატორიაში არსებულ პროცესებზე რეალურ პოზიციას დააფიქსირებს უმუშევრები დარჩებიან. ჩვენი სფეროს მეტრებმაც კი რომ გააჟღერონ რეალური პრობლემები, ისინი ხვალ თანამდებობას დაემშვიდობებიან. ქალბატონი მანანასგან დაფასებული არის მხოლოდ ის, ვინც მისი მორჩილი და ერთგულია. მასთან შეხლა-შემოხლაში მყოფი ადამიანების ინფარქტები, ინსულტები და გარდაცვალებაც ფიქსირდება მთელი ამ ხნის განმავლობაში“, - აცხადებს სიმონ ჩაჩანიძე „პირველთან“ საუბარში.

 

სიმონ ჩაჩანიძე კონსერვატორიაში კულუარული მმართველობის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ ერთპიროვნული მმართველობა სამართლიანად და ლოგიკურად დასრულდება.

 

„კულუარულ მმართველობას შედეგი არასდროს მოუტანია, იმიტომ რომ ეს არის ცოცხალი პროცესი და ამ პროცესს სჭირდება გახსნილობა, ღიაობა, განვითარებაზე ორიენტირებულობა და ასე შემდეგ. ეს საკითხი აუცილებლად, საბოლოოდ, გონივრულ რეზულტატამდე მივა. ვიცი რას ვაკეთებ, ვიცი რასაც ვამბობ, იმიტომ რომ მე ამ ყველაფრის შემოქმედებით ნაწილში ვიყავი ჩართული. ვარ ყოფილი თვითმართველობის პრეზიდენტი და ძალიან ბევრი რამ საკუთარ თავზე მაქვს ნაწვნევი, მისი მარწუხების და ქსელური მმართველობის შედეგები პირადად მინახავს“, - აცხადებს ჩაჩანიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner