logo_geo
eng_logo
მეუფე გრიგოლი: პატრიარქი იქნება ბოლო დღემდე, პატრიარქი ავიდა ჯვარზე, ჯვრიდან არ ჩამოდიან, ჯვრიდან უნდა გარდამოხსნან და ასეც იქნება
- +

2 ნოემბერი. 2019. 21:15

 

 

„პატრიარქი იქნება ბოლო დღემდე, პატრიარქი ავიდა ჯვარზე, ჯვრიდან არ ჩამოდიან, ჯვრიდან უნდა გარდამოხსნან და ასეც იქნება“, – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა. მეუფეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ბოლოს მომხდარი მოვლენები ხომ არ დააჩქარებს პატრიარქის გადაყენებას და მისი თანამოსაყდრის, მეუფე შიოს პატრიარქად კურთხევას.

 

მეუფე გრიგოლი ამ წუთებში მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საღამოს ლოცვას აღავლენს. ლოცვის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეპარქიის გადაბარების პროცესი ხვალ დაიწყება.

 

მეუფე აცხადებს, რომ პეტრე ცაავას შიომღვიმის მონასტერში არწასვლა რაიმე დამატებითი სასჯელის მიზეზი ჯერჯერობით არ იქნება.

 

„თუ უნდა, იყოს იმ მონასტერში, სადაც პატრიარქმა აკურთხა, თუ უნდა იყოს სხვა მონასტრებში. ეპარქიის გადაბარების პროცესი ხვალ დაიწყება. ჩამოდიან იურისტები, ეკონომისტები. პროცესი ხანგრძლივია, რადგან მეურნეობა დიდია. მეუფე პეტრეს აქ ყოფნა მას არ უქმნის უხერხულობას, ის აქ ჩამოვიდა, როგორც მორჩილი, ემორჩილება სინოდის და პატრიარქის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

 

მეუფის ინფორმაციით, დილით შეხვდა მამაოებს და როგორც თავად ამბობს, ვისაც შეხვდა, ეპარქიის დატოვებას არავინ აპირებს. ჭყონდიდის ეპარქიის დროებით​ი მმართველი დედაოებს დღეს საღამოს შეხვდება.

 

ამასთან, მეუფე გრიგოლი დარღვევად არ მიიჩნევს, რომ პეტრე ცაავას მიმართ 55-ე მუხლი გამოიყენეს.

 

„გავიდა სამი წელი. 2017 წელს უწმინდესმა ბრძანა, უნდა შევუცვალოთ ეპარქია მეუფე პეტრეს. იმ დროს სინოდმა სთხოვა უწმინდესს, თუ შეიძლება, რომ ახლა მივცეთ გაფრთხილება, მას შემდეგ სინოდის ხუთი სხდომა ჩატარდა და ასეთი სიტუაციაა. სულ იყო შფოთი. ეს აზიანებდა საპატრიარქოს.

 

ის ზაფხულში იყო ჩამოსული და ეს იყო უწმინდესის კიდევ ერთი გაფრთხილება, თუმცა მეუფე პეტრემ თქვა, მე მივდივარ ბოლომდე და მოხდა რაც მოხდა. ამ სინოდზე მეუფეებმა სთხოვეს მეუფე პეტრეს, მაგრამ ამაოდ. მეუფე იაკობიც გააფრთხილეს და თუ გააგრძელა, მასაც იგივე ბედი ეწევა“, - აცხადებს მეუფე გრიგოლი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner