logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: სასტუმრო „პარაგრაფმა“ უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია, „ბლექ სი არენასთან“ და სხვა პროექტებთან ერთად, შექმნა ხარისხი
- +

4 ნოემბერი. 2019. 15:13

 

„სასტუმრო „პარაგრაფმა“ უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია, „ბლექ სი არენასთან“ და სხვა პროექტებთან ერთად, შექმნა ხარისხი, ჩვენი ზღვის სანაპირო გახადა კონკურენტუნარიანი და მძლავრი იმპულსი მისცა რეგიონში სხვა, მომიჯნავე ბიზნესების განვითარებას“, - განაცხადა  ჟურნალ „Entrepreneur“-სთვის მიცემულ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.

 

კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა სასტუმრო „პარაგრაფი“ იმავე საქველმოქმედო მოდელით განხორციელებულიყო, როგორც „ბლექ სი არენა“, „ატრაქციონების პარკი“, მუსიკალური და მინიატურული პარკები, რომლებიც ჯამურად ორას მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა და უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ არა და ამას ორი მიზეზით ხსნის:

„პირველი - სასტუმრომ, რომელიც ადრე თუ გვიან გაიყიდება, თუნდაც ნახევარზე ნაკლებ ფასად (მე ამისთვისაც მზად ვარ), ახალი მფლობელის ხელში ნორმალური ბიზნეს მოდელით უნდა განაგრძოს ფუნქციონირება - სხვანაირად ის, უბრალოდ, ვერც ხარისხს შეინარჩუნებს და ვერც განვითარდება. მე წინასწარ ვიყავი მზად იმისთვის, რომ ჩვეულებრივი, ყოფითი გაგებით, „ფული დამეკარგა“. თუ რატომ ვიყავი მზად, ამას თქვენს კითხვაზე პასუხის მეორე ნაწილში გავშლი ცოტა უფრო დეტალურად. „პარაგრაფმა“ უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია, „ბლექ სი არენასთან“ და თქვენს მიერ დასახელებულ პროექტებთან ერთად, შექმნა ხარისხი, ჩვენი ზღვის სანაპირო გახადა კონკურენტუნარიანი და მძლავრი იმპულსი მისცა რეგიონში სხვა, მომიჯნავე ბიზნესების განვითარებას. იგივე მიზანს ემსახურება ყველა სხვა პროექტი, რომლებსაც ჩვენი ოჯახი „ტურიზმის განვითარების ფონდის“ ფარგლებში ახორციელებს და იგივე ალგორითმით მოხდება მათი პროექტირება, ექსპლუატაციაში ჩაშვება და გასხვისებაც: ჩაიდება იმდენი ინვესტიცია, რაც საჭიროა იმ ზოგადეკონომიკური თუ სახელმწიფოებრივი ამოცანების გადასაჭრელად, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და გასხვისდება იმ ფასად, რასაც ბაზარი და ეკონომიკა შემოგვთავაზებს. ეს ფასი რიგ შემთხვევაში, შესაძლოა ინვესტიციის რელევანტური იყოს, ხოლო რიგ შემთხვევაში - მასზე გაცილებით ნაკლები“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

კითხვაზე, რა სპეციფიური ამოცანები დგას ტურიზმის განვითარების ფონდის წინაშე? ბიძინა ივანიშვილი პასუხობს:

 

„შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“. თუ მას განყენებულად, ცალკე ბიზნესპროექტად განვიხილავთ და ზემოხსენებული უნივერსალური კრიტერიუმებით შევაფასებთ, პროექტი აპრიორი წამგებიანია. ამ სფეროს სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ სასტუმრო ბიზნესში ინვესტიციის ოდენობა ერთ ნომერზე გახარჯული თანხით იანგარიშება. ანუ მთლიანი ინვესტიცია იყოფა ნომრების რაოდენობაზე. უმაღლესი კლასის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს შემთხვევაში, ეს დანახარჯი, ერთ ნომერზე 200-250 ათას დოლარს არ უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ობიექტი ვერასდროს გავიდეს მოგებაზე. „პარაგრაფში“ სულ 240 ნომერია, ხოლო ინვესტიციის ოდენობამ უკვე  120 მილიონ დოლარს გადააჭარბა და კიდევ გრძელდება. ელემენტარული არითმეტიკა ცხადყოფს, რომ ერთ ნომერზე გახარჯული თანხა ორმაგად აჭარბებს დადგენილ კრიტერიუმს და 500 ათას დოლარს გაცდა. შესაბამისად, „პარაგრაფის“ საბაზრო ფასი მასში ჩადებული ინვესტიციის ნახევარი, ანუ 60 მილიონი დოლარია და შესაძლოა, ამ ფასადაც ვერ გაიყიდოს. ოჯახში ვიხუმრეთ კიდეც, ჩვენს საკუთარ სახსრებს რომ არ ვხარჯავდეთ და სხვის ფულს ვმართავდეთ, დიდ შარში გავეხვეოდითო. პროექტი გააძვირა იმ არაორდინარულმა ექსკლუზივებმა, რომელსაც „პარაგრაფი“ სთავაზობს და მომავალში შესთავაზებს დამსვენებლებს და რომლებშიც ჩვეულებრივი ინვესტორი ფულს არ ჩადებდა. მაშინ რატომ ვაკეთებთ ჩვენ? ამ კითხვაზე რომ შინაარსიანად ვუპასუხოთ, ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner