logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტმა საზოგადებას „მწვანე ინიციატივები“ გააცნო
- +

11 ნოემბერი. 2019. 12:03

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაანონსებული პარლამენტის 10 გამოწვევის ფარგლებში განსახორციელებელი გამოწვევებიდან ერთ-ერთის, „პარლამენტის მწვანე ინიციატივების“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

პრეზენტაციაზე საზოგადოებას ის საკანონმდებლო ინიციატივები გააცნეს, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში იმუშავებს და გარემოსდაცვითი მიმართულებით მნიშვნელოვან სიახლეებს მოიცავს.

 

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გახსნა და დამსწრეებს შეახსენა, რომ „გარემო და ეკოლოგია“ საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის ათი საკითხიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

 

„შევიმუშავეთ ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა: მწვანე ხაზების ინიციატივა, ტყის კოდექსი, ემისიების კონტროლთან დაკავშირებული ინიციატივა და გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა. ოთხივე ეხება გარემოს დაცვით საკითხებს, მიყენებული ზიანის შემცირებას, რესურსების რაციონალურ გამოყენებას, მწვანე საფარის და ტყის რესურსის განვითარებას, პარკების დაცვას და განვითარებას - ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რესურსის - მწვანე გარემოს დაცვას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პარლამენტის მწვანე ინიციატივები მივიღოთ და შემდგომ, გავუწიოთ მონიტორინგი ამ კანონებს, რათა ისინი განხორციელდეს რეალურ ცხოვრებაში და მოგვცეს რეალური შედეგი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მიმართა.

 

„საშემოდგომო სესიის დასაწყისში, არჩილ თალაკვაძემ ჩაატარა ბრიფინგი, სადაც თქვა, რომ პარლამენტს საშემოდგომო სესიის განმავლობაში ექნება 10 გამოწვევა და ამის შესახებ ჩვენ ანგარიშს საზოგადოებას ჩავაბარებთ საშემოდგომო სესიის ბოლოს და მათში იქნება ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის ინიციატივები, რომელიც კახა კუჭავას და ჩვენი მთავრობს წარმომადგენლობის ჩართულობით იქნა დამუშავებული. ჩვენ, ძალიან მალე ამ კანონპროექტებს დავაინიცირებთ და ეს იქნება ახალი უზრუნველყოფა ჩვენი შვილების კარგი მომავლისთვის და სუფთა გარემოსთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ღონისძიების სტუმრებს დეტალურად გააცნო ის ოთხი 4 კანონპროექტი, რომელზეც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მუშაობს.

 

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტები „მწვანე ხაზების“, „სამრეწველო ემისიების“, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის” შესახებ და „ტყის კოდექსი“ ის მნიშვნელოვანი სიახლეებია, რომელიც ქვეყანაში არსებულ გარემოსდაცვით, ეკოლოგიურ გარემოს მნიშვნელოვნად შეცვლის და ამ მიმართულებით მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფს.

 

„ჩვენი ქვეყნისთვის გარემოს დაცვის საკითხები არის პრიორიტეტი და ნებისმიერი კომპანია, რომელიც მუშაობს, ვალდებულია იზრუნოს გარემოზე. ეს ინიციატივები წარმოადგენს იმის სამართლებრივ საფუძველს, რომ ამ კომპანიებმა იმუშაონ იმ მაღალი სტანდარტების შესაბამისად, როგორსაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

საქართველოს პარლამენტი განაგრძობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაანონსებულ ათ მთავარ გამოწვევაზე მუშაობას და საშემოდგომო სესიის განმავლობაში საზოგადოებას აცნობს იმ შედეგებს და ღონისძიებებს, რომელსაც ამ გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს პარლამენტი ახორციელებს.

 

პრეზენტაცია „პარლამენტის მწვანე ინიციატივები“ სასტუმროში „თბილისი ჰილს გოლფ რეზიდენსი“ გაიმართა. ღონისძიებას პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.​

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner