logo_geo
eng_logo
პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: არ არსებობდა არანაირი გარემოება, რომ საკითხი გადახედილიყო
- +

10 დეკემბერი. 2019. 19:02

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტის გადახედვა დაუშვებლად ცნო, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია გამოეხმაურა.

 

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ელოდა ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან ვერდიქტის გადასახედად არანაირი მნიშვნელოვანი გარემოება არ არსებობდა.

 

„დღეს საბოლოოდ დაესვა წერტილი სპეკულაციებს იმის თაობაზე, იყო თუ არა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი მაშინ, როდესაც ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილები. დღეს 5 ევროპელი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ სტრასბურგის სასამართლოში მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც საბოლოოდ კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნა ცნობილი კანონიერად და არ იქნა დადგენილი არცერთი დარღვევა. ასეთ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდით იმის გამო, რომ ძალიან იშვიათ, გამონაკლის შემთხვევებში ხდება დიდი პალატის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვა. არ არსებობდა არანაირი გარემოება იმისთვის, რომ საკითხი გადახედილიყო. არ არსებობდა არცერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც შემდგომში შეეძლო, ზეგავლენა მოეხდინა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ვგულისხმობ იმას, რომ ქიბარ ხალვაში დარჩა ერთგული თავისი დაპირებისა, რომ ის არ ჩაერეოდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში, არ იქნებოდა ზემოქმედება ჟურნალისტების საქმიანობაზე. ეს პირობა დაცულია, დღეს ყველა ხედავს ამას. სტრასბურგის სასამართლოც, დარწმუნებული ვართ, გაერკვა ამ საკითხში და, შესაბამისად, არ არსებობდა არანაირი მნიშვნელოვანი გარემოება ამ გადაწყვეტილების გადასახედად“, - განაცხადა პაატა სალიამ.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საკითხზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რითაც დაუშვებლად ცნო ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა. შესაბამისად, 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტი ძალაში რჩება და გადახედვას არ ექვემდებარება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner