logo_geo
eng_logo
გერმანიამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სატრანსპორტო საშუალებები გადასცა
- +

10 იანვარი. 2020. 17:12

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ახალი სატრანსპორტო საშუალება შეემატა, რომელიც ქართული მხარისთვის გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ შეიძინა. ავტოტექნიკის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა:

 

„გერმანულმა მხარემ, „შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში,  თანამედროვე ტექნიკური საშუალებები გადმოგვცა, რაც თავდაცვის ძალების ლოგისტიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

 

„გერმანია არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდამჭერი. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ გერმანიასთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, მოდერნიზებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა.

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა კი, სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

საქართველოს თავდაცვის ძალების სატვირთო ავტომობილების პარკის განახლების მიზნით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს „შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის“  ფარგლებში 1.5 მილიონი ევრო გამოიყო. გრანტის ფარგლებში 8 ერთეული წყალმზიდისა და 4 ერთეული კონტეინერმზიდის შესყიდვა განხორციელდა.

 

სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებას გერმანიის სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი უვე უკერვიცი და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner