logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მუშაობას გააგრძელებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საწარმოები
- +

23 მარტი. 2020. 14:57

 

 

„პირველ რიგში, საგანგებო საკარანტინო რეჟიმის შემოღება კეთდება იმისთვის, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ადამიანები დავიცვათ  ვირუსის გავრცელებისგან და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უფრო ეფექტურად გავატაროთ პრევენციის ღონისძიებები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის მიერ ამ მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმის შემოღების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას.

 

ნათია თურნავამ დღეს გამართული უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ასევე ისაუბრა საკარანტინო რეჟიმის პირობებში ეკონომიკური საქმიანობის შესახებ. მინისტრის ინფორმაციით, საკარანტინო რეჟიმის მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე, დროებით ჩერდება მთელი ეკონომიკური საქმიანობა კონკრეტულად ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, გარდა ისეთი საქმიანობისა, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო და მედიკამენტებით უზრუნველყოფასთან.

 

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გარკვეული, დადგენილი წესების დაცვით ფუნქციონირებას გააგრძელებენ  კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულის საწარმოები.

 

მისივე განმარტებით, დღის ბოლომდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მომზადდება კონკრეტული ჩამონათვალი, თუ რომელი საწარმოები გააგრძელებენ ფუნქციონირებას ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

 

„შემიძლია გითხრათ, რომ შეუფერხებლად გააგრძელებენ ფუნქციონირებას გარკვეული დადგენილი წესების დაცვით ის საწარმოები, რომლებიც დაკავშირებულია კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან - ეს არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება, გაზის მიწოდება. სამრეწველო საწარმოები, მათ შორის წიაღის მოპოვება -გადამუშავებასთან დაკავშირებული და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული საწარმოები. უფრო დეტალური ჩამონათვალი ამ ორი მუნიციპალიტეტისთვის დღეს გამოქვეყნდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

მინისტრის განცხადებით, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ასევე არანაირი შეფერხება არ ექნება მედიცინას, კავშირგაბმულობას, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიწოდებასთან  დაკავშირებული საქმიანობას.

 

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ორ მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად განხორციელდეს ყველანაირი პრევენციული სამუშაოები, ხელისშეწყობა იქნება მაქსიმალური და მოსახლეობას არ შეექმნება რაიმე განსაკუთრებული პრობლემები“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner