logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: დღეს ქვეყანაში არსებობს საჭირო მარაგები და ეს მარაგები მუდმივად ივსება
- +

4 აპრილი. 2020. 14:20

 

 

„დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში აუცილებელი საჭირო მარაგები არსებობს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამედიცინო აღჭურვილობის მარაგების შესახებ კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული საკითხი ჩაბარებული აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ლევან დავითაშვილს და დღეს არსებობს შესაბამისი საჭირო მარაგები და ეს მარაგები მუდმივად ივსება.

 

„მოგეხსენებათ, რომ მთავრობის დონეზე ჩვენ გამოვყავით რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის მიმართულება, რაზეც  ვთქვით, რომ ეს ის სისტემური მიმართულებებია, რომლის სწორად მართვის პირობებში COVID-19-ს გავუმკლავდებოდით და ვთქვით, რომ ეს იყო პირველ რიგში, ჯანმრთელობა და მეორე - მარაგების მართვა. აქ შედის სწორედ ამ სამედიცინო მარაგების მართვაც. ეს ჩაბარებული აქვს ბატონ ლევან დავითაშვილს და მინდა გითხრათ, რომ სულ უკეთ და უკეთ მიმდინარეობს ეს პროცესი, დღეს არსებობს საჭირო მარაგები და ეს მარაგები მუდმივად ივსება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საჭირო მარაგების თვალსაზრისით საპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ის ინფრასტრუქტურაა, რომელმაც  ქვეყანა უნდა მოამარაგოს აუცილებელი,  საკვები პროდუქტებით, სამედიცინო მასალებით და აღჭურვილობებით.

 

„სწორედ ამიტომ გახლდით დღეს ბათუმის პორტში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საპორტო ინფრასტრუქტურა არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც არც ერთი წუთით არ გაჩერდება. ეს ის ინფრასტრუქტურაა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უნდა მოამარაგოს აუცილებელი, როგორც საკვები პროდუქტებით, ასევე სამედიცინო მასალებით და აღჭურვილობებით. სწორედ ამიტომ ვიყავით ჩვენ დღეს აქ, რომ შეგვემოწმებინა, როგორ გამართულად მუშაობს პირველ რიგში საკონტეინერო ტერმინალი, როგორც ბათუმის ისე ფოთის. ჩვენთვის ეს უკიდურესი აუცილებლობაა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის არხებია, რომლითაც ჩვენ ვამარაგებთ ჩვენს ქვეყანას და ასევე ჩვენს მეზობლებს. ესეც ჩვენი დიდი პასუხისმგებლობაა, რამეთუ გამოდის, რომ საზღვაო კავშირი არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner