logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ჩვენ ჩვენი რწმენა შეგვიძლია აღვასრულოთ ისე, რომ დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების, ჩვენი მშობლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე
- +

4 აპრილი. 2020. 15:04

 

 

„ჩვენ, ეკლესიასთან ერთად, ყოველთვის ვიპოვით იმ დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება და ასევე ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავად, სააღდგომო ლიტურგიას თვალყურს ტელევიზორით მიადევნებს, ვინაიდან ეს დღეს თითოეული ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობაა.

 

„მესმის, რომ ბევრს უნდა მსგავს ემოციურ და საკმაოდ სენსიტიურ, ისევე როგორც ეკლესიისთვის უკიდურესად მნიშვნელოვან დოგმატურ საკითებზე და მთავრობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვან - ჯანმრთელობის და სიცოცხლის საკითხებზე რაღაცნაირი კონფლიქტური ან დაპირისპირების მომენტები შემოიტანოს. ეს ასე არ იქნება. მერწმუნეთ, ჩვენ ეკლესიასთან ერთად ყოველთვის ვიპოვით იმ დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება და ასევე ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით. ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ისევე, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებ, ყველა მოვიქცეთ ასე. ჩვენ ჩვენი რწმენა შეგვიძლია აღვასრულოთ ისე, რომ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების, ჩვენი მშობლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, აქაც ვიპოვით ისეთ გამოსავალს, როგორიც ჩვენს ისტორიას, ჩვენს ეკლესიას და ჩვენს დღევანდელობას შეეფერება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner